„[გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო – არა. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სუსში გამოკითხვის შემდეგ.
„ჩემი შეფასება მოწოდებული იყო იმისთვის, რომ მეტი იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას. ყველაფერი [რასაც ვამბობ] მქონდა ღია წყაროებიდან და მათაც აქვთ, ამ ფაქტებს შესაბამისი მუშაობა უნდა. სამწუხაროდ, აქ ჩვენი გამოკითხვების პარალელურად, ეს პროცესები ვითარდება ძალიან საჯაროდ და შეუჩერებლად“, – ამბობს გივი თარგამაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გივი თარგამაძე გამოკითხვაზე თავდაპირველად 7 მარტს დაიბარა. სუსმა პროსახელისუფლებო მედიებს გაუგზავნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ გივი თარგამაძე სუსში იყო დაბარებული, თუმცა ტელეფონი გათიშული ჰქონდა და სუსი იმედოვნებდა, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას ინფორმაციას დაბარების თაობაზე, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ გივი თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.
გივი თარგამაძე გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.
„ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების „ვერბორკას“,ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე“, – თქვა თარგამაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასევე დაიბარეს, თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის გავლენების შესახებ „სამოქალაქო იდეის“ კვლევასა და სტატიაზე.
„ჰადსონის ინსტიტუტმა“ 3 მარტს გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ირანის „მზარდი გავლენების“ შესახებ. როგორც „რადიო თავისუფლების” მიერ კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მისი ავტორები „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი არიან.
კვლევაში, „საქართველოს ირანული შეტრიალება” თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“, საუბარია, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია ქვეყანაზე. მედიის ცნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
კვლევის თანახმად, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2025 წელს ირანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება იზრდება.
ამასთან ერთად, საქართველოში, კერძოდ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში, ღიად მოქმედებენ ირანული რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომლებიც „ხელს უწყობენ თეირანთან დაკავშირებულ რელიგიურ დოქტრინებს, ქმნიან ლოიალურ სასულიერო ქსელებს და რელიგიური განათლების საფარქვეშ იდეოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფენ“.
4 მარტს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი – „ტერორისტების სკოლა”. მისივე თქმით, უნივერსიტეტი 15 წელია განათლების სამინისტროს აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს. როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ამ უნივერსიტეტს აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის“.