პროკურატურა: შპს „სექტორი 7-ის“ დამფუძნებლები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი, რომლებმაც „შპს „სექტორი 7“ დააფუძნეს და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, კომპანიის სახელით დაინტერესებულ მოქალაქეებისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი.“

პროკურატურის განცხადების მიხედვით, სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო  ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებაში და და სასჯელის სახედ და ზომად ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლით და 4 თვით, ხოლო მეორეს 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, კომპანიის სახელით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ“, – აცხადებს პროკურატურა.