პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა შპს „ილი ჯგუფს“, რომელიც პასუხისმგებელი იყო პატიმრების კვებაზე.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის 10 მარტის წერილით მოთხოვნილი იყო, რომ შპს „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ჯეროვანი ვალდებულებების შესრულება აღედგინა 11 მარტის დილის 09:00-დან, რაც არ განხორციელდა და პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ დაფიქსირდა კვების მომსახურების არაჯეროვანი მიწოდების ფაქტები, არ განხორციელებულა კვების მარაგების შევსება“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.
დოკუმენტაციის მიხედვით, პენიტენციურმა კომპანიას 2023 წლის 11 ინავარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ცალმხრივად, ვადაზე ადრე, 12 მარტიდან შეუწყვიტა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ილი ჯგუფს“ არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 1,137,052 ლარი.
4 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითა ირკვევა, რომ „ილი ჯგუფი“ პატიმრებს 6 წლის განმავლობაში უხარისხოდ კვებავდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ასეულობით დარღვევის ფაქტის შესახებ იცოდა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტდა და 6 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრების კვებისთვის 180 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ სამინისტროს „ილი ჯგუფთან“ „გართულებული ჰქონდა ურთიერთობა. მან პირგასამტეხლოთი დაკისრებულ თანხებზე სასამართლო დავის დაწყებაც არ გამორიცხა.
„უწყებამ შეწყვიტა 11 მარტს ხელშეკრულება… ამ კომპანიასთან ჩვენ გარკვეულწილად გართულებული გვქონდა ურთიერთობა. ისინი ხშირად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაზეც ხდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ხდებოდა ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვა…
სავარაუდოდ ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული. მათთან ხელშეკრულება შეწყდა. დღეის მდგომარეობით მოხდა ბაზრის კვლევა და გამოვლენილ იქნა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება სულ რამდენიმე თვით, რა პერიოდშიც უკვე გამოცხადდება ტენდერი“, – თქვა სალიამ.
სალიას თქმით, მომავალში ორი ტენდერი გამოცხადდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პენიტენციური უწყებების უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ ნაწილად გავყოთ ეს ტენდერი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე გადავანაწილოთ. შესაბამიად, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს, ხელს შევუწყობთ უფრო კონკურენციას და ეს მომავალში გადაგვაზღვევს ისეთი შემთხვევებისგან, რაც „ილი ჯგფთან” გვქონდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალი ხელშეკრულება და ახალი ტენდერით გამოვლენილი პირები უფრო პასუხსიმგებლობით მოეკიდებიან საქმეს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
„ილი ჯგუფის“ შემცვლელი კომპანია შპს „გიორგი 2020-ია“.