გვიან ღამით პარლამენტის წინ გაშლილი კარვები პოლიციამ ისევ აიღო. როგორც აქტივისტების გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, კარვები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანით წაიღეს.
ადამიანები, რომლებიც პროტესტის ნიშნად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამეებს კარავში ათენებენ, ამბობენ, რომ პოლიციამ მათი პირადი ნივთებიც წაიღო.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა კარვების აღების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნა.
„კარვებს ვიღებთ კანონის შესაბამისად. საზოგადოებრივ წესრიგს და თქვენს უსაფრთხოებას ვიცავთ. რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა, ლამის დაიწვა ეს ორი აქტივისტი“, – უთხრა პროტესტის მონაწილეებს გოგა მემანიშვილმა.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ მიუხედავად კარვების წაღებისა, ნებისმიერ ამინდში იქნება პარლამენტთან მანამ, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.
„როცა ხალხი იყო, არავინ მოგვკარებია და ხალხი როგორც კი წავიდა, 15 ადამიანი დარჩა და 15 ადამიანს მოერეოდა ახლა 30 კაცი. როგორ ჰგონია მემანიშვილს, ბიძინა ისეთი კაცია, რომ ამას ყველაფერს დაუფასებს? რა თქმა უნდა, წვიმა იქნება, ქარი თუ თაკარა მზე, მე ვთქვი, სანამ არ გავიმარჯვებთ, ჩემი ადგილი იქნება უცვლელი“, – ამბობს ცხვიტარია „ტვ პირველთან“ კომენტარში.
პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ პოლიციამ კარვების ჩამორთმევა აქციის მონაწილეებზე ზრუნვით ახსნა, რაც მისი თქმით, ლოგიკას მოკლებულია.
„მთავარი პრობლემა იყო გამჭვირვალე კარვების არარსებობაში. ჩავთვალეთ, რომ ეს არის ცინიკური განცხადება, იმიტომ, რომ ამ წვიმაში და სიცივეში ადამიანს რომ კარვიდან გამოგაგდებენ, ამას შენზე ზრუნვით როგორ უნდა ხსნიდნენ გაუგებარია…
იგივე მუხლის საფუძველზე, რა მუხლითაც კარავი წაგვართვეს, ჩვენ შეგვზღუდეს ლეიბის შემოტანაშიც და ეს მუხლი ინტერპრეტირებულია ასე, რომ ის ნივთები, რომლითაც შეიძლება, აქციის მონაწილეებმა ააშენონ ბარიკადები, ასეთი ნივთები უნდა ჩამოართვა ადამიანს. შესაბამისად, ამათ დაამკვიდრეს ახალი სტანდარტი, რომ შეიძლება ლეიბებით აშენდეს ბარიკადები. სხვა ლოგიკა მათ ქმედებაში არ არის…
ქალბატონო დარეჯანი აქციას არ წყვეტს და ამ ადამიანს თუ რამე მოუვა, მე პირადად ვპირდები ბიძინა ივანიშვილს, რომ პერსონალურად მასზე ვიძიებ შურს“, – უთხრა ფოფხაძემ „ტვ პირველს“.
პოლიციამ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რამდენიმე დღის წინაც აიღო.
დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად ღამეებს კარავში ათენებს, აცხადებდა, რომ 12 მარტს, ღამის 3 საათზე მოესმა უცნობი ადამიანის ხმამაღალი საუბარი, რომელიც ყვიროდა, რომ რაღაც იწვოდა. გარეთ გამოსულმა კი ნახა, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა.
„კარვიდან გამოყრილი იყო რაღაცები. რომა ნაჭრით აქრობდა. მე წყალი შევასხი და ჩავაქრე. აქ პოლიციელებიც იდგნენ. გადაურეკეს ძველი თბილისის სამმართველოს და დილის 7 საათზე მოვარდა მთელი ჯგუფი. თითქოსდა კრიმინალს აკავებდნენ, მოძალადეებივით იყურებოდნენ. დამიყვირეს – გამოდი აქეთო. არ გამოვალ-მეთქი, ეს ჩემი ოჯახია. წელიწადზე მეტია, ვზივარ აქ. კითხვები დამისვეს, ხომ არ მქონდა გამათბობელი. რა გამათბობელი, ელემენტარული დენის წყარო არ შემოდის ჩემთან“, – ამბობდა ცხვიტარია.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, „ფაქტის შემსწრე აქტივისტები, გოჩა ბაშელიშვილი და რომან იაცენკო, გამოკითხვის მიზნით, გადაყვანილ იქნენ პოლიციაში. ალკოტესტით გადამოწმების შედეგად, მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.“ ასევე გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს დარეჯან ცხვიტარია.
„ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ადგილის დათვალიერების პროცესში, განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება. ასევე, დამატებით უსაფრთხოების მიზნით, მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.