რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე 80-კაციან დელეგაციას გამოგზავნის. ამის შესახებ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა. მისი თქმით, დელეგაციას ბელარუსის ეგზარქოსი უხელმძღვანელებს.
დეკანოზ თეოდორე კრიჩეტოვის თქმით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობა პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაში „ეკლესიის ერთობისა“ და „დიდების“ გამოხატულებაა და დასძინა, რომ დელეგაცია მრავალრიცხოვანი იქნება და მასში დაახლოებით 80 ადამიანი შევა.
20 მარტს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიაგამოცემა „სპუტნიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია მეორის დაკრძალვაზე, რომელიც კვირას, 22 მარტს გაიმართება, რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი, ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი დაესწრებოდა.
საქართველოში არ ჩამოდის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელმაც სამძიმარი წერილობით გამოხატა. სამძიმრის წერილში კირილემ ილია მეორის ტიტული სრულად არ მიუთითა, რის მიზეზადაც, სავარაუდოდ, ცხუმ-აფხაზეთის არხსენება სახელდება.
ილია მეორეს სრული ტიტული იყო – სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.