გამომძიებლის თქმით, 4 ოქტომბერს მონაწილეობაში ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებაზე მტკიცებულება „ამ ეტაპზე არ აქვთ"

პუბლიკა

„4 ოქტომბრის საქმის” მთავარი გამომძიებლის კონსტანტინე კერესელიძის თქმით, ის, რომ ორგანიზატორად მიჩნეულ პირებსა და მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობდა, ამ ეტაპზე გამოძიებას ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ აქვს. ამის შესახებ მან დღეს, 23 მარტს გამართულ 14-პირიან საქმეზე განაცხადა.

გამომძიებლის თქმით, საქმეზე ამოღებულია მობილური ტელეფონები და დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რაც არსებობის შემთხვევაში დაადასტურებს კავშირს/კომუნიკაციას მათ შორის.

კონსტანტინე კერესელიძეს ამ გარემოების შესახებ ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ ჰკითხა. ადვოკატის კითხვები გამომდინარეობდა ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი მუხლის შემადგენლობიდან. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია, რომ:

„დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება”.

ადვოკატმა გამომძიებელს ჰკითხა:

– თუ გაქვთ ინფორმაცია, რას მოიცავს ორგანიზებული ჯგუფი?

– რა თქმა უნდა ვიცი, ორგანიზატორებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს…

– თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ მაგალითად ალექსანდრე ჩილაჩავამ და სულხან ტუღუშმა წინასწარ იცოდნენ 4 ოქტომბერს „ძალადობრივი ქმედება” რომ უნდა განხორციელებულიყო? წინასწარ შეთანხმებული რომ იყვნენ და რომ იცოდნენ, ამაზე გაქვთ რამე მტკიცებულება?

– წინასწარ ჰქონდათ თუ არა ორგანიზება – ამოღებულია ბრალდებულების მობილურები, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხები ამ ეტაპზე არ არის მოსული. რითაც დადასტურდება მათი, მათ შორის, წინასწარი შეთანხმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

– ამ ეტაპზე, რაც მოპოვებული გაქვთ, იქ თუ არის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა წინასწარ შეთანხმებაზე? რომ ალექსანდრე ჩილაჩავა, სულხან ტუღუში წინასწარ იყვნენ შეთანხებული…

– ის, რომ წინასწარ იყო შეთანხმებული თქვენს მიერ დასახელებულ პირებთან, ამ ეტაპზე კონკრეტული დამამტკიცებელი საფუთი არ არსებობს, თუმცა დანიშნულია მობილურ ტელეფონებზე ექსპერტიზა, რომლის პასუხის მიხედვით დადგინდება თუ ჰქონდათ კავშირი.

მან პროცესზე ორგანიზებულობის ნაწილში ეს გარემოება არაერთხელ გაიმეორა, როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტული ბრალდებულებთან დაკავშირებით.

პროკურატურას კი მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა ადგილი წინასწარ შეთანხმებას. ბრალდების მხარე საკანონმდებლო ჩანაწერს ასე განმარტავს:

„ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმების ნაწილი ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის შეფასებით და მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, რამდენი დღით ადრე მოხდა შეთანხმება, საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა.

როდესაც კონკრეტული პირების ქმედებები და ქცევები კონკრეტულ ლოკაციაზე ემთხვევა ერთმანეთს, გამომდინარეობს კონკრეტული პირების მოწოდებებიდან და ამ მოწოდებების რეალიზება ხდება უკვე მოქმედებებში, ეს ბრალდების შეფასებით წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას”, – განაცხადა მედიასთან საუბრისას პროკურორმა თამარ იაკობიძემ.


4 ოქტომბრის 14-პირიან საქმეზე ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე

მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:

· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;

· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;