დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ილია მეორის ანდერძად „უნდა მივიჩნიოთ” ის ბრძანება, რომელიც პატრიარქმა 2017 წელს გამოსცა და რომლის მიხედვითაც მან მოსაყდრედ შიო მუჯირი დაადგინა.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს, ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც.
მან თქვა ასეთი რამ – რომ არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში… (მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები წამოვიდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.), ასე რომ ამბობენ, რომ ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, თუ იქ არისო, ახლა ამით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ამაზე ბჭობა – რომ ეს წერია ანდერძში თუ ის წერია ანდერძშიო.
ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძი”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
2017 წლის 23 ნოემბერს ქაშვეთის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე, წირვის დაწყების წინ, ილია მეორემ განაცხადა:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”.
