ოპოზიციის ალიანსი ერთობლივი ბრიფინგით ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენს, რომელიც მას კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო მიესაჯა.
ალიანსის სახელით განცხადება გააკეთა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, „მთავარი, რისთვისაც ხოშტარიას მიესაჯა, არის ის თვისებები, რომლებიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც, ყველას შეიძლება დაედოს „ბრალი“ – ქვეყნის სიყვარულისთვის“.
„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და ექვსი თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ, პირდაპირ რომ ვთქვათ — ივანიშვილმა.
ასთივე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტრით, რითიც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და ექვსი თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტრით ჩადენილი დანაშაულისთვის, პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ და არ შევჩერდები.
სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია, როგორც ფორმალური შემსრულებელია მოსამართლე არევაძე — ეს მას პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის, მაგრამ მაინც. მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომლებიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს „ბრალი“ – ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ არ თმობს; იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია და დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც.
კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს ქოცური ხელისუფლებისგან – სიგნალს იმისას, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს.
ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, ვინც იბრძვის, მიუხედავად იმისა, ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრძოლა არის ერთიანი. ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე.
მე პირდაპირ მინდა, მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას კვლავ — ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება. და მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არგადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა.
ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც, ამის ხარჯზე არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით. მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს.
ნებისმიერი სხვა ტექსტი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოწოდება, ნებისმიერი სხვა ტიპის გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის არის მიუღებელი და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ალიანსის სახელით და ამას ადგილი არ ექნება, რაც არ უნდა მოხდეს.
კი, ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, ლიდერები მათ შორის. ნიკაც [მელია] ციხეშია, ელენე პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია, მზიაც [ამაღლობელი] ციხეშია და ბევრი ქალი სხვათა შორის. ესეც არ არის ნაკლები მნიშვნელობის და ნაკლებად სიმბოლური, რასაც ღიად და ხაზგასმით ქალების დაპატიმრებით აკეთებს რეჟიმი საქართველოს ისტორიაში პირველად.
მე მინდა, გავამხნეო ელენეს ოჯახი — ბატონი გოგი, ქალბატონი ირა; მინდა გავამხნეო მისი ოთხი შვილი: გიორგი, ნატალია, კოტე და რატი; მინდა გავამხნეო ბერო, მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი.
მაგრამ მინდა, გავამხნეო, პირველ რიგში და რაც მთავარია, მთელი პატრიოტული საქართველო. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი — ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა 570 ლარი შეადგინა.
2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდა. მას იცავდა საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელსაც დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია.
„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.
მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ისჯება ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ჯარიმით, სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი.
ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.