ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება შენარჩუნდება ორწლიან ფორმატში – ფსიქოლოგების პროტესტის შემდგომ მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სასწავლო კრედიტებს განსაზღვრავს, ცვლილება შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა და ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა განათლების მინისტრს მიმართეს განცხადებით, არ შეამცირონ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა 1 წლამდე – უფრო კონკრეტულად კი, დარგის სპეციალისტები ითხოვდნენ ცვლილებას მინისტრის ბრძანებაში და გამონაკლისი პროგრამების ჩამონათვალში ფსიქოლოგიის მიმართულებით 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის დამატებას.
როგორც მიმართვის წერილში დარგის სპეციალისტები განმარტავდნენ, ფსიქოლოგიის სამაგისტრო საფეხურის 60 კრედიტამდე შეკვეცა გამოიწვევდა ნაკლები და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტუნარიანი ფსიქოლოგების მომზადებას, რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს.
4 მარტს პრაქტიკოსი ფსიქოლოგების და პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა, 700-მდე ხელმოწერით, ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა განათლების მინისტრის სახელზე ოფიციალურად დაარეგისტრირა.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მარინე ჩიტაშვილი განმარტავდა, თუ ბაკალავრიატი 180 კრედიტამდე შემცირდება და მაგისტრატურა მხოლოდ 60 კრედიტი იქნება, საქართველოში მომზადებული ფსიქოლოგების განათლება აღარ იქნება თავსებადი საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან, ეს გამოიწვევს ნაკლებად კვალიფიციური და არაკონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით ბაკალავრიატის პროგრამა წარმოდგენილია 180 ECTS კრედიტის მოცულობით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება შენარჩუნდება ორწლიან ფორმატში (120 ECTS კრედიტი). აღნიშნული უზრუნველყოფს ფსიქოლოგის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი კრედიტების საერთო მოცულობის (არანაკლებ 300 ECTS) შენარჩუნებას და, შესაბამისად, პროფესიული მომზადების სათანადო დონეს. აღნიშნული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პროფესიული კომპეტენციების ეფექტიან განვითარებას“, – ნათქვამია თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების“ მიერ უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებების დაანონსებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან, მნიშვნელოვნად შემცირდება იმ სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობა, რომლებიც დღემდე ფსიქოლოგიის პროგრამებს სთავაზობდნენ სტუდენტებს.
უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად შემცირდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მისაღები კონტინგენტი; მინისტრის თავდაპირველი ბრძანების მიხედვით, ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა 120 კრედიტიდან 60 კრედიტამდე შემცირდებოდა.
დღემდე, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლებოდა, ცვლილებების შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან, მხოლოდ 3 უნივერსიტეტი შესთავაზებს სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებს ფსიქოლოგიის მიმართულებით, განახევრებული მისაღები სტუდენტების რაოდენობით.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქამდე 4 სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობდა სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამებს, ცვლილების შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან სამაგისტრო პროგრამები მხოლოდ 2 სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება. ამ შემთხვევაშიც მისაღები სტუდენტების რაოდენობა განახევრებულია.