დღეს, 25 მარტს „4 ოქტომბრის საქმის” 13-პირიან პროცესზე დაიკითხა ბრალდების ორი მოწმე – დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები – გიორგი გოჩაშვილი და ირაკლი ლურსმანაშვილი.
გიორგი გოჩაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ვითარების ესკალაციის დროს კი მისმა დანაყოფმა მიიღო ბრძანება და გადაინაცვლეს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, სადაც მათ დახვდათ „აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები”.
გიორგი გოჩაშვილი ხელს ადებს 13 პირის საქმის ერთ-ერთ ბრალდებულს, სპორტსმენ გიორგი კირვალიძეს და ამბობს, რომ მან შეაგინა და მუშტი ჩაარტყა, რა დროსაც წაბარბაცდა და განიცადა ტკივილი. მისი ეს ჩვენება დარბაზშივე გააპროტესტა ბრალდებულმა.
„მე სპორტსმენი და მასწავლებელი ვარ, მე ბავშვებს ვასწავლი უფროსების პატივისცემას [პოლიციელი ასაკოვანი, ჭაღარა კაცია], გამორიცხულია, რომ თქვენთვის დამერტყა”, – თქვა კირვალიძე.
მისი ამ ემოციური გამოსვლის გამო მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას შენიშვნა გამოუცხადა, თუმცა კირვალიძემ თავისივე სურვილით, დარბაზი დატოვა.
მოწმეთა დაკითხვის შემდეგ პროკურორმა სასამართლოს ვიდეომტკიცებულებები წარუდგინა, სადაც, მისი თქმით, დასტურდება მოწმის მიერ აღწერილი. საუბარში ადვოკატი ბორის ყურუა ჩაერთო. მისი თქმით, ამ ვიდეოზე დანიშნულმა ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ შეუძლებელია გარჩევა, ვინ ურტყამს პოლიციელს.
რაც შეეხება ირაკლი ლურსმანაშვილს, იგი ხელს ადებს კიდევ ერთ ბრალდებულს, კობა ეპიტაშვილს. ეპიტაშვილის ადვოკატი დაკითხვისას ხაზს უსვამდა – შესაძლებელი იყო თუ არა ეპიტაშვილს ამოეცნო, რომ იგი პოლიციელია, ვინაიდან, მოწმის ჩვენებითვე მას პოლიციელის ფორმა აღარ ეცვა, შემოხეული ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. 14 პირის პროცესზე ამავე მოწმემ გენადი კუპრეიშვილზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ხელი სწორედ კუპრეიშვილმა დაარტყა. თუმცა, დაცვის მხარის შეკითხვების შემდეგ მოწმემ დაბეჯითებით ვეღარ გაიმეორა აღნიშნული:
„მე ამ პიროვნებას ვამსგავსებ… საკმაოდ ჰგავს იმ პიროვნებას“, – აღნიშნა მან.
„პუბლიკამ” პროკურორს ჰკითხა, როგორ ახსნიდა მოწმის მიერ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების დასახელებას:
„არ ვიცი, მე სხვა პროცესზე არ ვყოფილვარ, თუმცა საქმის მასალების მიხედვით მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კობა ეპიტაშვილმა. დათვალიერების ოქმში, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, ჩანს კობა ეპიტაშვილი, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პიროვნება, რომელიც აღნიშნულ დაზარალებულს ურტყამს ხელს, არის კობა ეპიტაშვილი. სხვა პროცესზე რა მოხდა, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით”, – აღნიშნა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.