„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 26 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება თავიანთი პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა შეეწყვიტათ სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება და გავრცელება. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.