თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღს აცნობებს.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა:
„ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ეს იყო თავდაცვა იმ სიკეთეების, რაც ჩვენ შევადგინეთ, როგორც ცალკეულმა, ისე ერთობლივმა ინდივიდებმა
…მე არ მაქვს ჩემი ღირსების შემლახველი და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფის მოთმენის ვალდებულებები და თავი დავხარო ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე, არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას. ვერც ერთი ბრალი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ მე ვიყავი აგრესიის გამომწვევი, აგრესიის ინიციატორი და არა – ის თავდაცვითი მოქმედებები, რაც მოჰყვა ჩვენზე განხორციელებული აგრესიის ნეიტრალიზებას.
ფაქტია, ბექა გოცირიძის აღნიშნული ტერიტორიიდან გაცილების შემდეგ იქ ურთიერთობა გაგრძელდა წყნარ, მშვიდ, არაკონფლიქტურ გარემოში. იქ დამატებით რამე, ადევნებები ჩვენ მიერ არ ყოფილა განხორციელებული.
თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში და ერთი ისაა, რომ სისტემამ იხელმძღვანელა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ, იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა და მით უმეტეს, ის რეპრესიული კანონები, რაც მიღებულია, ფაქტია, რუსთაველზე დღეის მდგომარეობით გადასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება, ტერორისტად მოინათლო. ჩემი გარეთ ყოფნის დროს ავტორიტარიზმი მყარდებოდა და უკვე დიქტატურამ მოახდინა კონსოლიდირება“, – თქვა მან.
საბოლოო სიტყვით არ ისარგებლა მინდია შერვაშიძემ.
მანამდე, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაძიშიძის საქმეზე მხარეები დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სასამართლოს მიმართა:
„ამ სისხლის სამართლის საქმეზე ის 28 ადამიანი არ არის ჩვენთვის საინტერესო, რომელზეც ბრალდება ლაპარაკობს. ჩვენთვის საინტერესოა ორი ადამიანი, უფრო სწორად, სამი ადამიანია საინტერესო: ბექაა საინტერესო გოცირიძე, თოკოა საინტერესო თოშხუა და მინდია შერვაშიძე.
ბექას ჩვენება რომ მოისმინეს ამ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა, რომელიმეს განცდა აქვს, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია და ღმერთმა მაპატიოს, მე ქრისტიანი ვარ და ვერ შევალ სპეკულაციაში და გარდაცვლილის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე რაც მოვისმინე, ნამდვილად კითხვა რომ დაუსვათ ამ ხალხს, ვინმე გეტყვით, რომ ეს ადამიანი მოვიდა იმის სათქმელად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლია და მოვიდა იმის სათქმელად, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან?!
ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უნდა გახდეს გადაწყვეტილების საფუძველი და არა ცალკე აღებული, ლიტერატურულად, თუ გინდათ, ყველა ბრუნვასა და უღლებაში ნათქვამი: „მტკივა, მეტკინა, ცოტათი, ნაკლებად, საგანგაშოდ და მნიშვნელოვნად“.
ჩვენ ეპითეტებზე არ ვმსჯელობთ, ჩვენ არ ვართ ლიტერატორები. მართლმსაჯულების აღსრულებაა ჩვენი მიზანი და ზუსტად ამიტომ ვამბობ კიდევ ერთხელ: In dubio pro reo — ეს არ ნიშნავს იმის თქმას, რომ თორნიკე და მინდია კარგი ბიჭები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ხანდახან მტკიცებულებები არ არის იმისთვის, რომ დამნაშავედ იქნან მიჩნეულნი“, – თქვა ადვოკატმა.
ომარ ფურცელაძის თქმით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბექა გოცირიძის ჩვენება და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.
„ბრალდების მხარემ გააჟღერა, რომ გარდაცვლილ ადამიანს, ბექას არ მოუსმინოთო, რაც გითხრათ, იმას თავი დაანებეთო, რომ ბრალდებულების გათავისუფლება ითხოვაო და მე მომისმინეთ, რა ინტერესი მაქვსო.
ეს არის ფიზიკური პირისკენ მიმართული დანაშაული, სისხლის სამართლის ეს თავია, როგორ შეიძლება, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, პროკურატურა ითხოვდეს, როგორ შეიძლება, ბრალმდებელის პოზიცია იყოს დაზარალებულის არმოსმენის თხოვნა სასამართლოსთვის…
ამ კაცის პოზიცია რა იყო, თქვენ მოისმინეთ. ამ კაცის წარმომადგენელი როცა გეუბნებათ, არ გაითვალისწინოთ მისი ნათქვამიო, მე გეუბნებით საპირწონედ თორნიკეს და მინდიას სუბიექტური წარმომადგენელი, კი, უნდა გაითვალისწინოთ. მეც, დათაც [კუპრავა] და ნინოც მეორეხარისხოვანი პირები ვართ, ეს ჩვენი პროცესი არაა, ესაა ბექას პროცესი, მინდიას პროცესი, ესაა თორნიკეს პროცესი და ამ ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო სისხლის სამართლის საქმეზე. მე გულწრდელად მგონია, რომ ერთადერთი გადაწყვეტილება არსებობს გამამართლებელი განაჩენის სახით“, – თქვა მან.
ადვოკატ დათა კუპრავას თქმით, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშძის თითოეული მოქმედება ასახავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებას, ასევე ბექა გოცირიძის ტერიტორიიდან გაგდებისკენ მიმართულ ქმედებას.
„ბექა გოცირიძე შემთხვევის დღეს გამიზნულად მიდის რუთაველის გამზირზე, სადაც მოხვდა კახა კალაძის პარტიული ღონისძიებიდან. მას ხელში აქვს ტელეფონი, რომლითაც სავარაუდოდ ახორციელებს გადაღებას ანუ ე.წ „ლაივს“ და აქციის მონაწილეებს მოიხსენიებს, როგორც „ქათმებს“ და იგინება მათი მისამართით.
მას შემდეგ, რაც ჩაუვლის მომიტინგეებს და მათი მისამართით იგინება, მინდია შერვაშიძე, რომელიც ზის სავალ ნაწილზე ეკითხება თუ ვისი მისამართით ამბობს უწმაწურ სიტყვებს, რაზეც ბექა გოცირიძე აგრესიული მანერით ტრიალდება, მიდის მინდია შერვაშიძის მიმართულებით და სხეულით პროვოკაციულად ეხება მას. ამის შემდეგ ტრიალდება უკან და თორნიკე თოშხუას ეჯახება მთელი სხეულით…
აგრესიულად ტანით დაჯახება იწვევს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებას, რადგან თითოეული მათგანისთვის საფრთხე არის რეალური, რადგან მათ წინ არის აგრესიულად განწყობილი მათზე ტანით ბევრად დიდი ადამიანი, რომელიც აშკარად ცდილობს ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას. …აღნიშნული დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს უვარდება დანა, რომელსაც აქციის მონაწილეები დიდი ძალისხმევის შემდეგ აბარებენ პოლიციას, ხოლო ბრალდების მხარე ძალიან დიდი ხანი ცდილობდა ეს დანა საქმის მასალებში არ მოხვედრილიყო, თუმცა ჩემი კოლეგა ომარის ბრძოლის და თორნიკე თოშხუას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ სხვა გზა არ დარჩა ბრალდებას, რომ ეს დანა საქმეში ჩაედო!
…მათი თითოეული მოქმედება ასახავს როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებას, ასევე ბექა გოცირიძის ტერიტორიიდან გაგდებისკენ მიმართულ ქმედებას.
მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თუნდაც წაქცეული ბექა გოცირიძისთვის დაეწყოთ ცემა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა არ მიეცათ მისთვის ადგილის დატოვების შესაძლებლობა, მაგრამ ასე არ მოქცეულან. მსგავსი რამ რომ იყოს საქმეში, აი მაშინ იქნებოდა ბრალდების მხარის პოზიცია მყარი და ძლიერი და არა ახლა, როდესაც სახეზეა აშკარა პროვოკაცია და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედება. ასევე სახეზეა და ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ ბექა გოცირიძის აღნიშული ტერიტორიიდან გაგდებას”, – განაცხადა მან.
პროკურორ ნინო ჟვანიას თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ნაწილობრივ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი.
მან დასკვნითი სიტყვის დასასრულს ასევე აღნიშნა:
„უნდა აღინიშნოს, რომ საქმის ვითარებიდან გამომდინარე, რაც უნდა დიდი დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს ადამიანებს შორის, გაუმართლებელია ნებისმიერ ნიადაგზე ადამიანებს შორის ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა ვერასდროს ვერ იქნება გმირობა. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და განუსაზღვროს სამართლიანი და პროპორციული სასჯელი.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, დაზარალებული დაგვეკითხა სასამართლო სხდომაზე, იმიტომ მივუთითებ ამას, რომ დაზარალებული არის გარდაცვლილი, მიუხედავად ამისა, მათ არ მოუხადეს დაზარალებულს ბოდიში იმ ძალადობის გამო, რომელიც მასზე განხორციელდა და ამით ვფიქრობ, დაკარგეს უკანასკნელი შანსი ბოდიშის მოხდისა“, – განაცხადა მან.