პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელიც გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესაც მოიცავს.
არასრულწლოვანი 26 მარტს დააკავეს, მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
პროკურატურის ცნობით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და ეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით გააკეთა.
26 მარტის დაკავება უკავშრდება არა პირდაპირ გიგა ავალიანზე თავდასხმის ეპიზოდს, არამედ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და განხორციელების ბრალდებას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი, ძალადობის სხვა ეპიზოდებთან ერთად, არის გიგა ავალიანის საქმეც.
დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში).
მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურამ 2026 წლის 10 თებერვალს განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე 3 ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.
მაშინ პროკურატურამ განაცხადა შემდეგი:
“ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ.
გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა”.
სწორედ ამ საქმის განხილვისას ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი პირი 26 მარტს.
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. ოთხიდან სამს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხოლო ერთს ბრალი სისხლის სამართლს კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს წარდგენილი.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში, თემქის დასახლებაში 2025 წლის 1 ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თავს არასრულწლოვანები დაესხნენ. ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის მეზობელმა ბავშვებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.