დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში, რომელიც დეზინფორმაციას შეეხება და 2024-2026 წლებს მოიცავს, საქართველოც მოხვდა.
მასში გამოთქმულია შეშფოთება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, ასევე არის მოწოდება ბრიტანეთის მთავრობისადმი, სანქციები დაუწესოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი ევროპისთვის უცხოური საინფორმაციო მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) მთავარ საფრთხეა – ის მნიშვნელოვან რესურსებს აბანდებს ოპერაციებში შავი ზღვის რეგიონზე (საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა და უკრაინა), სამხრეთ კავკასიასა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) და „ჩრდილოეთ-ბალტიის რვიანზე“ (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი) გავლენის მოსაპოვებლად.
ანგარიშში წერია, რომ საქართველო კვლავ რჩება ფრონტის ხაზის ქვეყნად შავი ზღვის რეგიონში რუსეთსა და დასავლეთს შორის გავლენისთვის ბრძოლაში.
„გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის სურვილს, ჰქონდეს დასავლური სტილის ლიბერალური დემოკრატია, რაც NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას მოიცავს. ამის საპირისპიროდ, რუსეთს მტკიცედ სურს აღკვეთოს მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება და მხარს უჭერს ოკუპირებულ ტერიტორიებს – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. რუსეთის სურვილი, ხელი შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში, საფუძვლად დაედო იმ დაძაბულობას, რამაც გამოიწვია 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი და 2024 წლის სადავო არჩევნები“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, აღნიშნულია, რომ ოფიციალურ შედეგების მიხედვით, მასში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54%-ით გაიმარჯვა მაშინ, როცა ეგზიტპოლები ოპოზიციის 10%-იან უპირატესობაზე მიუთითებდნენ.
ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი აღნიშნას, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს შედეგების აღიარებაზე, ხოლო არჩეულმა პარლამენტარებმა უარი განაცხადეს სადეპუტატო მანდატების მიღებაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადავო შედეგებმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი პროტესტი „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტი ციტირებს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც კომიტეტს უთხრა, რომ არჩევნები გახდა უცხოური და შიდა საინფორმაციო მანიპულირებისა და საარჩევნო ჩარევის სამიზნე.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდაცია 2012 წელს შეძლო, როცა პირველად მოიგო არჩევნები, გვერდით გაწია ოპოზიციური ხმები, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გადასცა ჩინურ კომპანიებს და იმეორებდა პრორუსულ, ანტიდასავლურ ნარატივებს.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობდა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას „არა მხოლოდ რუსეთის ან ბელარუსის კანონებისა და მეთოდების, არამედ მათი რიტორიკისა და პროპაგანდის დანერგვით“. ეს მოიცავს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დარეგისტრირდნენ უცხოური სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“.
ანგარიშში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნულია, რომ მან ქონება „1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა რუსეთში საბანკო, მეტალურგიული და ტელეკომუნიკაციების კომპანიების დაარსებით დააგროვა, სანამ 2003 წელს საქართველოში დაბრუნდებოდა“.
„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წელს გახდა და ამ პოსტზე ერთი წელი დაყო, რის შემდეგაც აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა.
ივანიშვილი იმეორებდა რუსულ ანტიდასავლურ ნარატივებს, მათ შორის იმას, რომ დასავლეთი ცდილობს გამოიყენოს საქართველო უკრაინის კონფლიქტში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად „გლობალური ომის პარტიის“ მეშვეობით“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის“ გამო.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რო 2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაყინონ აქტივები და პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, მათ ხელშემწყობებს ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებში და პროპაგანდისტებს.
ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა განმარტება სთხოვა სტივენ დაუთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს იმის შესახებ, თუ რა დახმარებას უწევდა ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ასევე ჰკითხა „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ, მოკავშირეების (აშშ და ევროკავშირი) მსგავსად.
„საპასუხოდ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა დიდი ხანია, არის საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის ძირითადი სვეტი“ და რომ გამოიყოფა დაფინანსება „დამოუკიდებელი მედიისა და არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს უწყობენ მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას“. თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უარყო, რომ დასავლეთი დაეხმარა რუსულ ჩარევასთან ბრძოლაში: „ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. არ არსებობდა მკაფიო სტრატეგია რუსული სტრატეგიის საწინააღმდეგოდ“.
ანგარიშში საუბარია „მოსკოვის მექანიზმზე“, რომელსაც ინიციირება ეუთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ გაუკეთა და რომლის ანგარიშიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ხაზს უსვამს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას, რომ „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადგილი აქვს „აშკარა დემოკრატიულ უკუსვლას“.
„დადგინდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ „ეტაპობრივად შეზღუდა“ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება „სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და ლგბტ+ თემის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის“ შემოღებით. ანგარიში წარადგენს 46 რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებისთვის „არსებული გამოწვევების“ გადასაჭრელად, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას.
საგარეო საქმეთა კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი გაუარესებით, რაც, ამჟამინდელი ტრაექტორიით, გამოიწვევს ავტოკრატიის ჩამოყალიბებას, რომელიც, ბელარუსის მსგავსად, რუსეთის გავლენის სფეროში იქნება მოქცეული. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციური ხმების რეპრესიის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
ეს ქმედებები იმეორებს რუსულ „სახელმძღვანელოს“ და მიუთითებს თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს იმ ქართველი ჩინოვნიკების სანქცირების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობაზე.
მოვუწოდებთ ბრიტანეთის მთავრობას, დააწესოს ახალი მიზანმიმართული ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და იმ ქართული მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. ეს დამატებითი ზომები მნიშვნელოვნად გაზრდის ფასს მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის სურვილს ევროპული გზისკენ, და იქნება გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის ნიშანი ქართული დემოკრატიისადმი და არა ავტოკრატიისადმი“.