თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – მას ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან.
პროკურატურის მტკიცებით, „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებულმა ალექსანდრე ელისაშვილმა“ სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი 2025 წლის 4 მაისს გააჩინა.
პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკამერების ჩანაწერებიც, რომელშიც, მათი მტკიცებით, ალეკო ელისაშვილია ასახული.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, მივიდა ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს.
თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს.
ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
ალექსანდრე ელისაშვილმა, აღნიშნული ქმედებით, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების დესტაბილიზაციის მიზნით, ასევე, სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ელისაშვილისთვის წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ელისაშვილს 2025 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდზე უკვე ედავებიან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.