„დამარტყა ლოყის არეში, რა დროსაც ვიგრძენი ტკივილი" - მოწმე პოლიციელი ხელს კახაბერ კვაჭანტირაძეს ადებს

პუბლიკა

დღეს, 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში „4 ოქტომბრის” 13-პირიანი საქმის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მხოლოდ პროკურატურის ერთ მოწმეს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელს, ვახტანგ ქუბრიაშვილს მოუსმინა.

მან სასამართლოს მოუთხრო, რომ „იმ დღეს, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, კოლეგებთან ერთად წავიდნენ პრეზიდენტის სასახლისკენ”.

„სასახლემდე რომ მივსულიყავით, უნდა გაგვევლო ხალხის ნაკადში. ხალხი გვაგინებდა და გვესროდა ნივთებს. მოვხვდი ხალხის ნაკადში, მოახერხეს ჩემი მიმწყვდევა, შებოჭილი ვყავდი, რამდენჯერმე მომხვდა თავში, როგორღაც მოვახერხე წამოდგომა და ვცდილობდი დამეტოვებინა ტერიტორია, ამ ხალხისგან განცალკევებით იდგა ერთი პიროვნება რომელმაც, როდესაც ჩავუარე, დამარტყა ლოყის არეში, რა დროსაც ვიგრძენი ტკივილი”, – თქვა მოწმემ.

მან ხელი გაიშვირა სასამართლო დარბაზში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის კახაბერ კვანატირაძის მიმართ – აი, „ეს ბატონი იყო” თქვა მან.

დღეს პროკურატურას ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, როგორც პროკურორმა როინ ხინთიბაძემ გვითხრა, მტკიცებულებას მომდევნო პროცესზე წარმოადგენს.


13-პირიანი საქმეში ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.

მათგან სამს ბრალად ორი მუხლი აქვს წარდგენილი, 10-ს კი ერთი მუხლი. კერძოდ:

ბექა მაჭავარიანს, მანუჩარ მიქელაძეს, გიორგი კირვალიძეს:

· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, კობა ეპიტაშვილი, საბა კორძაია:

· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა

საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე განიხილავს.