მერია: მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა ცხოველთა თავშესაფარში და ხელი შეუშალა ვეტერინარებს საქმიანობაში 

პუბლიკა

თბილისის მერია ეხმაურება ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში. აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას.

მოქალაქეთა ნაწილი ასევე, არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.

უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცხოველთა დამცველები და აქტივისტები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მიკედლებული ძაღლების სანახავად მივიდნენ. ცხოველთა დამცველები თავშესაფრის ტერიტორიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ამბობენ, რომ ადგილზე გაუსაძლისი მდგომარეობაა, არის ანტისანიტარია და მიუსაფარ ცხოველებს ვეტერინარების სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.

⭕ როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა ადგილიდან პირდაპირი ჩართვისას თქვა, დღეს მოქალაქეები გამონაკლისის სახით თავშესაფარში შეუშვეს: „გამონაკლისის სახით დაუშვეს წართმეული ძარღლების მეპატრონეები და მიმკედლებლები დღეს თბილისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში, წინასწარ მოემზადნენ და ჩვენი მოთხოვნაა, რომ შემოვაღწიეთ ამდენი ჩხუბის და დავიდარაბის და ბრძოლოს შემდეგ, ეს კი არ უნდა იყოს გამონაკლისი, სულ ღია უნდა იყოს ყველა მუნიციპალური თავშესაფარი და ისინი უნდა გახდეს ცხოველთა სტერილიზაციის და ვაქცინაციის ადგილი და არა სასაკლაოები, როგორც აქამდე იყო და ჯერჯერობით არის“,- ამბობს ჩართვისას ლაშა ჩხარტიშვილი.

ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, რომ ზოგიერთ ვოლიერზე ინფორმაცია დატანილი არ არის, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტული ძაღლები როდის და რომელი ტერიტორიიდან შეიყვანეს თავშესაფარში, ჰყავთ თუ არა მიმკედლებელი და ა.შ. ცხოველთა მიმკედებლები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ თავშესაფარში ნახეს ძაღლები, რომლებზეც ეუბნებოდნენ, რომ იქ არ იყვნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

უკვე რამდენიმე კვირაა, თბილისში ცხოველთა დამცველების აქციები იმართება. ისინი ამბობენ, რომ ქალაქებიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოს მასობრივად მიჰყავს უკვე სტერილიზებული და აცრილი ძაღლები და დიდ ნაწილს უკან არ აბრუნებს, ასევე მიმკედლებლებს არ აწვდიან ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები მოითხოვენ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება კი უნდა გაიწეროს კანონშიც და განკარგულებებშიც.

ცხოველთა დამცველები ასევე მოითხოვენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არ გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ კი, თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა ჩატარდეს ადგილზევე. აქვიტისტები და ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად, საკმარისი არ არის მხოლოდ მიუსაფრების გასტერილება.

მათი განცხადებით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა: 1. მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა ჰუმანური სტანდარტით; 2. პატრონიანი (ჯიშიანი და მეტისი) ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა და კონტროლი; 3. ქუჩაში ცხოველის დატოვების აკრძალვა და მკაცრი კონტროლი; 4. ცნობიერების ასამაღლებელი და ქუჩიდან აყვანის წამახალისებელი სოციალური კამპანიები; 5. კლინიკებისა და სამედიცინო პროცედურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.