„მთის ამბების“ ცნობით, პროკურატურამ ხადის ხეობაში მათ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

გამოცემა „მთის ამბების“ ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს 1 აპრილს ხეობაში მუშაობისას ხელი უკანონოდ შეუშალეს. ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.

მათიცე ცნობით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ „მთის ამბების“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, საქმე ეხება სოფელ წკერეში ჩამოშლილ სასაფლაოებს. ეს სოფელი ესაზღვრება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის არეალს.

„ჩამოინგრა სოფელ წკერეს სასაფლაო. 21 წლის ბიჭის ნეშტი სხვა სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. 4 ადამიანის ნეშტს ეძებენ. სასაფლაო ქვეშეთი-კობის გზის გვირაბის თავზეა. მთა ჩამოჭრეს და ბეტონი გადააკრეს. ეგ ამ მთის ჩამოშლის პროცესს ვერ გააჩერებს. სამომავლოდ ამაზე უარესის მოლოდინი უნდა გვქონდეს“, – უთხრა ზურაბ ბურდულმა, მთიულეთის მკვიდრმა „მთის ამბებს“

„სოფელ წკერეს სასაფლაო 29 მარტს, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო დაზიანდა – რამდენიმე საფლავი სრულად ჩამოიშალა. მაგისტრალის ახლადგაჭრილი გვირაბი ზუსტად სასაფლაოს ძირში იწყება. მთა ჩამოჭრილია და ბეტონის ფარდით არის დაფარული, თუმცა ამან მიწის მასა ვერ შეაკავა. მასშტაბური სამუშაოების გამო, მეწყრული პროცესები არა მხოლოდ სასაფლაოსთან, არამედ მიმდებარე ტერიტორიებზეც არის განვითარებული.

ჩინურმა კომპანიამ, ზედამხედველებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, ნეშტების ძიება შეაჩერა. მათ სამუშაოების გაგრძელების პირობად გადაღების შეწყვეტა დააყენეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირეს“,- ვკითხულობთ „მთის ამბების“ მასალაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 მარტს, სოფელ წკერეში, „თოვლის დნობის შედეგად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდის ჩამოშლის გამო, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის – ორი საფლავი.“

მათივე ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები და კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას.