რა წერია ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიშში ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე

ნინო შუბითიძე

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრობლემები საქართველოში ისევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად – გადატვირთულობა, არაფორმალური მმართველობა და პატიმრობის პირობები სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში ისევ ცენტრალურ საკითხად არის გამოყოფილი.

ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული პრობლემები წლების განმავლობაში ვერ იჭრება და ბოლო წლებში, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის, საქართველო პატიმართა რაოდენობის კოეფიციენტით კვლავ მოწინავე ადგილზეა. 2025 წლის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 528 პატიმარი იყო, საიდანაც 7 392 მსჯავრდებულია.

ამავე კონტექსტში, სახალხო დამცველი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებებზე, რომლებიც ამძიმებს პატიმრობის პირობებს. მისი შეფასებით, დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში პატიმრების ხანგრძლივად, დასჯის მიზნით მოთავსება „სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება”.

დოკუმენტში პრობლემად სახელდება პატიმართა კვება, სამედიცინო მომსახურება და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

31 მარტს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტს წარუდგინა 2025 წლის ანგარიში – „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 428-გვერდიანი დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ნაწილი სწორედ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეძღვნება.

პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და ე.წ. მაყურებლები

სახალხო დამცველი ანგარიშში საუბრობს პატიმრებს შორის მომხდარი ძალადობის შემთხვევებზე და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორს ამ კუთხით წარმოადგენს „პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ხშირად პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება” .

ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადატვირთულობის პერიოდში ხშირად ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთად არიან განთავსებულები, რაც შეიძლება მათ შორის კონფლიქტის მიზეზად იქცეს. 

საინტერესოა ისიც, რომ პატიმრებსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის თანაფარდობის მაჩვენებელი აღემატება ევროსაბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  №2 და №8 დაწესებულებებში ვიზიტების დროს, პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ფლიგელში, სადაც მოთავსებული იყო 40-100 პატიმარი, ხოლო №14 დაწესებულებაში 100-150 პატიმარი – მორიგეობდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 2 თანამშრომელი. ამ მხრივ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების თანაფარდობის მაჩვენებელი კი საშუალოდ 8.2-ს შეადგენს (რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, პენიტენციურის ერთ თანამშრომელზე 8-9 პატიმარი მოდის).

ომბუდსმენი ანგარიშში უთითებს პრივილეგირებული პატიმრების (ე.წ. მაყურებლების) არაფორმალურ მმართველობაზე ციხეებში (№14, №15 და №17), რომლებიც ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული და „მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს”.

აქვე სახალხო დამცველი წერს, რომ №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ომბუდსმენის თქმით, არასრულწლოვანებს შორის „კრიმინალური სუბკულტურის” გავლენებზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელიც საუბრობდა.

„მენიუში გამოყენებული ნახევარფაბრიკატები უხარისხოა, კერძებს კი აკლია თერმულად დამუშავება” –  კვება ციხეში

ანგარიშის თანახმად, პატიმრების ნაწილი კვლავ უთითებს ციხეში საკვების უხარისხობაზე, განსაკუთრებით კი, დახურული ტიპის დაწესებულებებში. ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებებში დღის ბოლოს დიდი რაოდენობით საკვების ნარჩენი იყრება, რადგან პატიმართა დიდი ნაწილი ზოგიერთი სახეობის საკვებს არ იღებს. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პატიმრებს ყოველთვის არ მიეწოდებოდათ მენიუთი გათვალისწინებული საკვები. 

„ვიზიტების დროს გამოკითხული პატიმრების უმრავლესობა ამბობს, რომდაწესებულებების მიერ მომზადებული საკვები არ მოსწონთ. მათივე გადმოცემით, კვების მენიუში გამოყენებული ნახევარფაბრიკატები უხარისხოა, კერძებს კი აკლია თერმულად დამუშავება და სანელებლები. შესაბამისად, პატიმრები ამჯობინებენ, მაღაზიაში შეიძინონ პროდუქტები და საკვები თავად მოიმზადონ”, – ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ფუჭი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად და პატიმრებისთვის მისაღები საკვების მომზადების მიზნით, მნიშვნელოვანია, არსებული მენიუს გადახედვა, თერმულად დაუმუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდა, ამასთან ეთნიკურ-კულტურული და რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებაც. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმართა კვებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაზრდას საჭიროებს, სურსათის ეროვნული სააგენტო კი წინასწარი შეტყობინების გარეშე, რეგულარულად უნდა ამოწმებდეს დაწესებულებებს.

„№2, №5 და №8 დაწესებულებებში გავრცელებულია ტარაკნები” – სანიტარია ციხეებში

სახალხო დამცველი პრობლემურად აფასებს ციხეებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, ვენტილაციის, ბუნებრივი განათებისა და პენიტენციური კოდექსით დადგენილ 4 კვ.მ. მინიმალური ფართობის უზრუნველყოფის საკითხსაც. 

ომბუდსმენის თქმით, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში კვირაში მხოლოდ ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობა ვერ აკმაყოფილებს პატიმართა ჰიგიენურ მოთხოვნებს.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, №17 დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელიასანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.

„სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები არ იყო დამაკმაყოფილებელი №2 და №8 დაწესებულებების საცხოვრებელ საკნებში არსებულ სველ წერტილებში, სადაც არ იყო დაცული სისუფთავე; ასევე არ იყო დაცული სისუფთავე დეესკალაციის ოთახებში, შიდა კლასიფიკაციის საკნებში, სამარტოო საკნებსა და ე.წ. უსაფრთხო საკნებში. აღნიშნული სივრცეები ასევე საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ვინაიდან კედლები, ჭერი და იატაკი დაზიანებულია ნესტისგან და სიძველისგან. №2, №5 და №8 დაწესებულებებში გავრცელებულია ტარაკნები”, – ნათქვამია ანგარიშში

სახალხო დამცველი წერს, რომ ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში დამონტაჟებული ხელოვნური სავენტილაციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი საკნების ვენტილაციას. პრობლემა განსაკუთრებით მძიმდება ზაფხულში, რადგან საკნებში კონდიცირების სისტემა დამონტაჟებული არ არის (გამონაკლისია №5 დაწესებულების „B“ საცხოვრებელი კორპუსის საკნები).

„დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას” – დეესკალაციის ოთახები/სამარტოო საკნები

ანგარიშიდან ირკვევა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პრობლემად რჩება საცხოვრებელ საკნებში პატიმართა ხანგრძლივი დროით განცალკევება იმ დროს, როდესაც ცალკე მოთავსების მაქსიმალური ვადა და ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულება განსაზღვრული არაა.

ომბუდსმენის თქმით, დაწესებულებებში არსებული პატიმრობის პირობები არ შეესაბამება „ნორმალიზაციის პრინციპს“ და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მოხდისთვის შესაბამის პირობებს. 

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, №6 დაწესებულებაში 229 პატიმრიდან 164 (72%), ხოლო №3 დაწესებულებაში 39 პატიმრიდან 35 – საკანში მარტო იყო მოთავსებული.

სახალხო დამცველმა 2024-2025 წლებში №2, №3, №6, №8 და №10 დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დეესკალაციის ოთახში განთავსების, დაყოვნების ხანგრძლივობისა და სათანადო დოკუმენტების წარმოების 108 საქმე შეისწავლა. ომბუდსმენის თქმით, „გამოიკვეთა არაერთი სისტემური ხასიათის ხარვეზი”, მათ შორის, №2 პენიტენციური დაწესებულებაში ხშირ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დეესკალაციის ოთახის, ფაქტობრივად უწყვეტად, 72 საათზე მეტი დროით გამოყენების პრაქტიკას.

„დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, რასაც ასევე ადასტურებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც დეესკალაციის ოთახების 72-საათიანი ვადით ხშირი გამოყენება დე ფაქტო დასჯის ფორმად არის მიჩნეული”, – ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის თქმით, №2 და №8 დაწესებულებებში კვლავ იკვეთება არასრულწლოვანების დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების შემთხვევები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს და „წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას”.

სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში პატიმრებს პრაქტიკაში საერთოდ არ ეძლევათ სატელეფონო ზარის უფლება. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ ამ მხრივ გამონაკლისს არც ადვოკატი წარმოადგენს.

„პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ 1 თვე ან უფრო მეტი ხანი უწევდათ ლოდინი” – სამედიცინო მომსახურება ციხეში

ომბუდსმენის თქმით, პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრაცია, რაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ამ დრომდე არ შესრულებულა.

2025 წლის ივლისში იუსტიციის სამინისტროს №663 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ექიმს პაციენტის შემოწმება მისი თანხმობის გარეშეც შეუძლია, თუ არსებობს წამების ან არასათანადო მოპყრობის ნიშნები.

თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, პრაქტიკაში ეს მექანიზმი სრულად არ მუშაობს. ომბუდსმენის შეფასებით, დაწესებულების ექიმები დაზიანებებს, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწერენ, როცა პატიმარი სავარაუდო დამნაშავედ შსს-ის თანამშრომელს ასახელებს. ამასთან, შესაბამისი დოკუმენტაციაც ხშირად ხარვეზებით ივსება.

ომბუდსმენი ანგარიშში უთითებს, რომ ციხეებში სამედიცინო მომსახურების გაწევის გაჭიანურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა და გადატვირთულობაა, განსაკუთრებით შაბათ-კვირას და ღამის საათებში.

როგორც სახალხო დამცველი წერს, №8 დაწესებულებას, სადაც საშუალოდ, თვის განმავლობაში 2 635 პატიმარია, შაბათ-კვირას და არასამუშაო დროს 3 მორიგე ექიმი და 7 მორიგე ექთანი ემსახურებოდა.

„კვლავ პრობლემური იყო ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციამდე მოცდის პერიოდის დოკუმენტურად დადგენა. გასაუბრების დროს კი, პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ 1 თვე ან უფრო მეტი ხანი უწევდათ ლოდინი. კვლავ არ იყო დანერგილი პატიმართა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემა”.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრებს „ორთოპედიული ლეიბისა და ბალიშის მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეუძლიათ” და არ აქვთ მათი საკუთარი ხარჯით შეძენის შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი ამავე ანგარიშში საუბრობს პატიმართა გარდაცვალების უმნიშვნელოდ მზარდ სტატისტიკაზეც. 2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გარდაიცვალა 24 პატიმარი, საიდანაც ორ შემთხვევაში, სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. ომბუდსმენის თქმით, უარყოფითი დინამიკა „მცირედად მზარდია”.

„ყურადღებით აკვირდებიან ვიზუალურად და იმდენად ახლოს იმყოფებიან, რომ ამ შემთხვევაშიც, მაღალი ალბათობით, ესმით პატიმრის საუბარი” – კონფიდენციალურობა ციხეში

2025 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ორი შემთხვევა შეისწავლა, სადაც მათთან კომუნიკაციაში მსჯავრდებულებს ხელი ეშლებოდათ. საუბრისას პატიმრებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები გვერდით 2 მეტრის რადიუსში ედგნენ.

„ყურადღებით აკვირდებიან ვიზუალურად და იმდენად ახლოს იმყოფებიან, რომ ამ შემთხვევაშიც, მაღალი ალბათობით, ესმით პატიმრის საუბარი”, – აღწერილია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენით, „მსჯავრდებულები თავს იკავებენ საჩივრებისგან, რადგან „არაფორმალური წესებით, გასაჩივრება მიუღებელ  ქმედებად მიიჩნევა და იწვევს ანგარიშსწორებას” პრობლემებზე საუბრისას კი პატიმრები დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან „ანგარიშსწორების შიშს” განიცდიდნენ.

„ერთ-ერთი პატიმრის განმარტებით, №2 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან მისი შეხვედრით გაღიზიანებულმა თანამშრომელმა უთხრა, რომ შეეწყვიტა ჩივილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუკრძალავდა მიმოწერას, ტელეფონით დარეკვას და დეესკალაციის ოთახში ჩასვამდა”.

ამავე ანგარიშში ომბუდსმენი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემაზეც საუბრობს, კერძოდ, ერთ-ერთი საქმის შემთხვევაში, სახალხო დამცველმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეზე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარება, თუმცა გენერალურმა პროკურორმა წინადადება არ გაიზიარა.

„მსჯავრდებულ გ.ბ.-ს თქმით, 2025 წლის 11 ივლისს, საღამოს, მის საკანში შესული უცნობი კაცის მხრიდან ძალადობის დროს, დაწესებულების თანამშრომელმა შეაღო სარკმელი და ძალადობა გაჩერდა, თუმცა მოძალადემ თანამშრომელს მიუთითა, დაეხურა სარკმელი, რასაც თანამშრომელი დაემორჩილა, ხოლო მოძალადემ მისი ცემა განაგრძო. ბოლოს, საკნის კარები ნელ-ნელა გაიღო და ზემოხსენებულმა თანამშრომელმა უცნობ მამაკაცს გასვლა სთხოვა, რის შემდეგაც ძალადობა შეწყდა და უცნობი საკნიდან გავიდა. გ.ბ.-ს თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი შეხვდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რომელიც ესაუბრებოდა მის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ბ. მომხდარს მისი ქონების წართმევის მცდელობასა და დაშინებას უკავშირებდა”.

როგორც №8 დაწესებულებაში პატიმართა ნაწილმა სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს განუცხადა, პენიტენციურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყვირილის, უხეში, დამამცირებელი მიმართვისა და მუქარის ფაქტებს. გენერალურმა პროკურატურამ 2025 წელს ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 7 ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბოლო ანგარიშში სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების დაარქივების 30-დღიანი ვადის 10 დღემდე შემცირებას. ამასთან, დაწესებულების ნაწილში, ვიდეომასალის შენახვის ვადა 5 დღე რჩება, რადგან „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა კვლავ არ განახლებულა”.

„პატიმრების სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების დებულებებს, არამედ დამამცირებელი მოპყრობაცაა” – გაშიშვლება იზოლატორში/პენიტენციურში

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ვიზიტების დროს გამოკითხული დაკავებულების თითქმის ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვანები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და მოსთხოვეს ბუქნების გაკეთება. რამდენიმე პირის თქმით, გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებებში. ამის შესახებ საუბრობდნენ როგორც ბრალდებულები, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. 

„№2 და №8 დაწესებულებებში ვიზიტების დროს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია, პატიმრების (მათ შორის, არასრულწლოვანების) პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესახებ. ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების დებულებებს, არამედ დამამცირებელი მოპყრობაცაა”, – წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის თქმით,  ბუქნების გაკეთების მოთხოვნას პენიტენციური დაწესებულებების დებულებები არ ითვალისწინებს და შემოწმებისას პატიმრის სრული გაშიშვლება აკრძალულია.

სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგისას დაადგინა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ქალებისა და კაცებისთვის შხაპის მიღება 3 დღეში ერთხელაა შესაძლებელი. ამავე მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ პატიმართა ნაწილს ასევე შეზღუდული ჰქონდა წვდომა საშხაპეებზე №5 პენიტენციური დაწესებულებში. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ დროებითი მოთავსების იზოლატორში ქალებს ბარიერი ექმნებათ ჰიგიენური საფენების მიწოდების კუთხითაც.

ტერიტორიული სიშორე მსჯავრდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციას „მნიშვნელოვნად აფერხებს”

ომბუდსმენის თქმით, იკვეთება შემთხვევები, როდესაც ტერიტორიული სიშორე მსჯავრდებულებს მათ ოჯახთან კომუნიკაციასა და კანონმდებლობით გარანტირებული სხვა უფლებებით სარგებლობას „მნიშვნელოვნად აფერხებს”. ამ საკითხზე კი პენიტენციური სამსახურის პოზიცია რიგ შემთხვევაში, საკმარისად და სათანადოდ არგუმენტირებული არ არის.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულები ვერ სარგებლობდნენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებით, ასევე, ვერ ან შეზღუდულად სარგებლობდნენ ამანათის მიღების უფლებით. ომბუდსმენის თქმით, მის მიერ შესწავლილ 4 საქმეში ეს დრო ერთი წლიდან 1.5 წლამდე მერყეობდა. 

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულები განთავსებულნი იყვნენ საცხოვრებელი ადგილისგან მნიშვნელოვნად დაშორებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ პატიმრები ოჯახზე არიან დამოკიდებულნი ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის კუთხით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ოჯახის სიახლოვეს განთავსება, რადგან 2024 წლიდან პატიმრებს აღარ აქვთ უფლება, ფოსტის მეშვეობით მიიღონ პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები და სხვა ნივთები.

სახალხო დამცველი წერს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს აპარატმა ასევე შეისწავლა გადაყვანასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, როგორებიცაა – პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების ლიმიტი, უსაფრთხოება, თანამშრომლების ნაკლებობა და სხვ. მისივე შეფასებით, სწორედ ეს გარემოებები უშლის ხელს ოჯახთან მსჯავრდებულის ახლოს განთავსებას, რაც „ცალკეული პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემაზე” კიდევ ერთხელ მიუთითებს. 

ომბუდსმენის თქმით, პატიმრები, რომელთა სასამართლო სხდომები დაწესებულებიდან შორ მანძილზე იმართება, ან რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამენ ტრანსპორტირებისა და მოცდის პირობების თაობაზე და ზოგიერთი მათგანი უარსაც კი ამბობს გაყვანაზე.

„ენობრივი ბარიერი  პატიმრებს აფერხებთ, ინფორმაცია მიიღონ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ” – ეროვნული უმცირესობები

სახალხო დამცველის თქმით, ციხეებში განსაკუთრებით „მოწყვლად მდგომარეობაში” იმყოფებიან ის პატიმრები, რომლებიც საკმარისად არ ფლობენ ქართულ ენას. 

„ენობრივი ბარიერი, პატიმრებს, მათ შორის, აფერხებთ ინფორმაცია მიიღონ საკუთარი უფლება-მოვალეობების, გასაჩივრების მექანიზმის, დისციპლინური სამართალწარმოების წესების, სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზების, სარეაბილიტაციო აქტივობების შესახებ და ა.შ.” – ვკითხულობთ ანგარიშში

პენიტენციურ დაწესებულებაში შტატით არ არის განსაზღვრული თარჯიმანი, თუმცა ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში, სხვადასხვა ენის თარჯიმანი პენიტენციურს ემსახურება. თუმცა დასძენს, რომ პატიმრებისთვის თარჯიმნის მომსახურების სარგებლობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია უცნობია.

„ბრალდებულებს ისევ არ აქვთ ვიდეოპაემნით, ხოლო ქალ ბრალდებულებს საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლება” – პატიმართა უფლებები და შვილები

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  საკანონმდებლო დონეზე კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება გარე სამყაროსთან პატიმრების კონტაქტის უფლების რეალიზების კუთხით.

ომბუდსმენის თქმით, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებსა და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს არ გაზრდიათ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში არც წამების პრევენციული კომიტეტის რეკომენდაციებია გათვალისწინებული, რომ ყველა კატეგორიის პატიმრისთვის კვირაში არანაკლებ ერთი 1-საათიანი პაემნის უფლება და გაზრდილი სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

ანგარიშის თანახმად, ბრალდებულებს ისევ არ აქვთ ვიდეოპაემნით, ხოლო ქალ ბრალდებულებს საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლება. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, „გაუგებარია” რატომ უზღუდავს კანონი ბრალდებულს ვიდეოპაემნის უფლებას, რადგან ის რისკების გამომრიცხავი სპეციალური წესით მიმდინარეობს. ამასთან აღნიშნულია, რომ დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსებისას პატიმარს ეკრძალება სატელეფონო საუბარი, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ,  ვიდეოპაემნით სარგებლობისას, პატიმრის ოჯახის წევრი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიაზე უნდა იყოს გამოცხადებული, რაც საზღვარგარეთ მყოფი პირების შემთხვევაში შეუძლებელია. 

სახალხო დამცველი ანგარიშში ბრალდებულების არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვაზეც საუბრობს და მიუთითებს, რომ საჭიროა „კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი”, რომლის თანახმადაც, რიგი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვა არ გავრცელდება მის არასრულწლოვან შვილზე.     

ანგარიშის დასასრულს სახალხო დამცველი სისტემური პრობლემების ანალიზის საფუძველზე კონკრეტული წინადადებებითა და რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პენიტენციურ დაწესებულებებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, პატიმართა უფლებების ეფექტიანი დაცვა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარემოს შექმნა.