გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისა და ჯგუფურად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
ადგილზე მისულმა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ბრალდებულის დაკავება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მიზნით, ერთ-ერთ პოლიციელს ცული მოუქნია და სცადა თავში ჩაერტყა მისთვის, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან დაზარალებულმა თავზე აიფარა ხელი, რის გამოც ხელის არეში ჭრილობა მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.