ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე გადავადდა. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
თუმცა ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.
ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“,- განაცხადა კობახიძემ.
2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.
პლასტმასის შემცირების რეგულაციის გარკვეული ნაწილი უკვე ამოქმედებულია. უკვე აიკრძალა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მოიაზრება ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი), სადაც სავაჭრო-საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება ან/და რეალიზაცია. აკრძალვა არ ვრცელდება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებზე, რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.