დაზარალებულმა პოლიციელმა ლაშა ჯუღელმა პროცესზე კიდევ ორ ბრალდებულზე მიუთითა

პუბლიკა

4 ოქტომბრის 13-პირიან საქმეზე პოლიციელი ლაშა ჯუღელი დაიკითხა. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ჯუღელმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ის და მისი დანაყოფი იმყოფებოდა ჭონქაძის ქუჩაზე. დაახლოებით საღამოს 7 საათის შემდეგ ისინი ათონელის სასახლის მიმართულებით დაიძრნენ.

ჯუღელის თქმით, სასახლის ეზოში პოლიციელთა პირველი ნაკადი დაუბრკოლებლად შევიდა, თუმცა უკან მყოფ ნაკადი აქციის მონაწილეების ალყაში მოექცა. რის გამოც ის და სხვა პოლიციელები მათ დასახმარებლად უკან გადმოვიდნენ.

ჯუღელმა თქვა, რომ ამ დროს თავადაც მიიღო დაზიანება – ურტყამდა ხელ-ფეხს დაახლოებით 10-15 ადამიანი.

ჯუღელმა სხდომაზე მიუთითა, რომ მათ შორის იყვნენ ბრალდებულები მიხეილ თოლორაია და ავთანდილ თოფჩიშვილი.

მან 4 ოქტომბრის სხვა საქმეზე ასევე განაცხადა, რომ მასზე მოძალადეთა შორის ასევე იყო გური ჟვანია.

„…ფურცელაძის ქუჩიდან მოვხვდით ათონელის ქუჩაზე, იქაც ხალხის მასა გაიყო ორ ნაწილად და გაგვატარეს. მივედით ათონელის სასახლესთან, სადაც მოქალაქეებს ღობე ჰქონდათ გადანგრეული და ეზოში შედიოდნენ. შევეცადეთ მათ გამოყვანას. გამოყვანას დროს შევნიშნე, რომ ჩემი თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა იყო ხალხის ალყაში მოქცეული, არმისული სასახლემდე. შევეცადე მათ გამოყვანას – გადავედი ისევ მათკენ. უკვე ჯოხებს ურტყამდნენ ბიჭებს. შევძელით იქიდან გადმოსვლა, დაბრუნდით სასახლისკენ, მაგრამ სასახლის ღობემდე არ მისული – ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს თავს დაესხნენ მოქალაქეები და გაიტაცეს… შევბრუნდი მის გამოყვანად, მაგრამ ვეღარ შევძელი მისი გამოყვანა…

როდესაც ჩემი თანამშრომელი გაიტაცეს და ურტყამდნენ, შევედი ხალხის მასაში და მეც ანალოგიურ ალყაში აღმოვჩნდი, მირტყამდნენ ხელკეტებს, ხელებს, ფეხებს და ა.შ. რამდენიმე მოქალაქე მახსოვს, რომლებიც მეხმარებოდნენ გამოსვლაში, დანარჩენები 10-15 კაცამდე  [მირტყამდა]”, – განაცხადა მან.


13-პირიან საქმეში ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.

მათგან სამს ბრალად ორი მუხლი აქვს წარდგენილი, 10-ს კი ერთი მუხლი.

ბექა მაჭავარიანს, მანუჩარ მიქელაძეს, გიორგი კირვალიძეს:

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;

სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, კობა ეპიტაშვილი, საბა კორძაია:

  • ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;