4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეზე დღეს, 16 აპრილს ბრალდებული ლაშა ბერიძე დაიკითხა.
მან პროცესზე აღნიშნა, რომ მიტინგის და „ეროვნული კრების” ორგანიზატორი იყო, თუმცა ორგანიზატორობა გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ სურდა, მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე დასწრებოდა აქციას. მისივე თქმით, სხვა საორგანიზაციო თუ ლოჯისტიკურ საკითხებში ჩართული არ ყოფილა.
„…კი ბატონო, მიტინგის და ეროვნული კრების ორგანიზატორი ვიყავი… ის, რომ ბევრი ხალხი მოსულიყო 4 ოქტომბერს და ბევრ ხალხს გამოეთქვა პროტესტი დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ, ეს ძალიან მინდოდა. რა თქმა უნდა, ამისთვის ვერ გეტყვით, რომ ბევრი რამე გავაკეთე. ვერ გეტყვით, რომ იქ მოსული ასი ათასი კაციდან თუნდაც ათასი კაცი ჩემ გამო გამოვიდა, მაგის ამბიცია მე ნამდვილად არ მაქვს. ყველა იმიტომ მოვიდა, რომ მას ჰქონდა ამის სურვილი, რომ მოსულიყო. …დანარჩენი მიტინგის ორგანიზებაშიც კი, მე სხვა კომპონენტებში მონაწილეობა არ მიმიღია…
სხვა პროცესებში, საორგანიზაციო პროცესებში, მით უმეტეს რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანაში საერთოდ არ ვიცი როგორ უნდა ჩამოეყვანათ… არც გახმოვანებაში არაფერში მე ჩართული არ ვყოფილვარ. რომც ვყოფილიყავი, კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ეს პროცესი როგორ ხდებოდა”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, წინასწარ დათქმული და დაორგანიზებული არც ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ ვიდეოს გადაღება არ ყოფილა.
რაც შეეხება აქციაზე, სცენიდან პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ბერიძე აღნიშნავს, რომ ამ ტექსტის/განცხადების შინაარსის შესახებ მას ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონია.
„არა, არ ვიცოდი ამ ტექსტის შესახებ და არც იმ განცხადების შესახებ არ ვიცოდი…არც ერთი საკითხი, მე რა უნდა გამეკეთებინა მიტინგზე ან სხვას რა უნდა გაეკეთებინა მიტინგზე, არც მე შემითანხმებია სხვისთვის და არც ჩემთან შეუთანხმებია არავის არაფერი”, – აღნიშნა მან.
რატომ გადავიდა ის სასახლის ეზოში? – ამბობს, რომ სასახლის ეზოში გადავიდა, რადგან გამოერიდებინა პაატა ბურჭულაძე აგრესიული გარემოდან და რომ სხვა მოტივაცია მას არ ჰქონია.
„რა მოტივაცია მქონდა – მივედი ბატონ პაატასთან, რომ ამ აგრესიულ (აგრესიულობას ამ შემთხვევაში ვეძახი გაზსა და წიწაკის სპრეის) გარემოსგან გამომერიდებინა, ეს იყო ჩემი ინსტინქტი…გადავედი პრეზიდენტის სასახლის ეზოში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ, ჩემი [გადასვლის] მოტივაცია იყო ის, რომ რაღაც მხრივ დავხმარებოდი პაატა ბურჭულაძეს, სხვა მოტივაცია არ მქონია.
მართალი გითხრათ, მაშინ ვერც შევნიშნე, სად გადავედი და რატომ გადავედი. ამას დღესაც ვიტყვი და ხვალაც, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადავედი, რაღაც ერთი წუთი შეიძლება დამჭირდა, რომ ბატონ პაატასთვის მეთქვა, რომ გავიდეთ. …მოვტრიალდით და ბატონ პაატასთან ერთად და ერთ-ორ ადამიანთან ერთად სასახლის ეზოდან გამოვედი”, – განაცხადა ბერიძემ.
ადვოკატის შეკითხვაზე, რაიმე მითითება, თხოვნა, დავალება, მოწოდება ხომ არ მიუცია ვინმესთვის, აღნიშნა, რომ:
„ამ მიტინგზე არავისთვის არანაირი მითითება არ მიმიცია და არც არავის არაფერი არ უთქვამს, ასე უნდა წახვიდე და ისე უნდა წახვიდეო. არც მე არავის მითითება არ მიმიღია”.
მისივე თქმით, ვერც პროკურატურის მოწმეებმა ვერ განაცხადეს პროცესზე, რომ ის რაიმე პროცესს ხელმძღვანელობდა ან აორგანიზებდა.
„ასეთი ფაქტი რეალურად არ არსებობს არანაირი, გარდა იმისა, რომ მიტინგზე ვიყავი და მიტინგის ორგანიზატორებთან ერთად ვიყავი”, – განაცხადა მან.
მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.