ბოჭორიშვილი: როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად

პუბლიკა

ცერემონიების სასახლეში მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა დასრულდა.

ევროკავშირის ელჩი საგარეო უწყებამ მას შემდეგ დაიბარა, რაც მან 22 აპრილს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში საქართველოს შესახებ გამოფენის გახსნაზე განაცხადა:

„საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პაველ ჰერჩინსკის მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მაკა ბოჭორიშვილმა კი თქვა, რომ „ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო და რამდენად არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები“.

შეკითხვაზე, რა იყო ევროკავშირის ელჩის განცხადებაში მუქარის შემცველი, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას.

„ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას და მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, – თქვა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, მოისმინა თუ არა განმარტება ევროკავშირის ელჩის მხრიდან მის განცხადებაზე, ბოჭორიშვილმა უპასუხა:

„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი! მას ევროკავშირთან მიმართებით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი.

შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს – კეთილსინდისიერ ურთიერთობაში. ამას ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეთ, მინიმუმ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები, რომელსაც ასეთი განცხადებები, არყევს“.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რეკომენდაციების შესახებაც, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს შესახებ გასცა.

ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში „არანაირი რეპრესიები და მტრული რიტორიკა არ არსებობს“, ხოლო რაც შეეხება „ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ „კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“.

„არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს ერთი. თუ ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, მაშინ კანონი არის ყველასთვის კანონი. მეორე, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, არსებობს ქართველი პოლიტიკოსების რეაქციები უსამართლო დამოკიდებულებასთან. არსებობს განცხადებები და რეაქციები, სამართლიანი რეაქციები, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან.

ახლა რაც შეეხება კანონებს, კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს არის ამოსავალი წერტილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის. შესაბამისად, ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებული იყო, იყო იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყოფილიყო სტაბილურობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით. ევროკომისიის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონები „უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“.

ანგარიშში წერია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს და ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა“.

„საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა შეატრიალოს დემოკრატიული უკუსვლა და გასწიოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა, რათა მოაგვაროს გადაუჭრელი პრობლემები და გაატაროს აუცილებელი რეფორმები მრავალპარტიული ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობით, ევროკავშირის წევრობისთვის 9 ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით..

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე ქვეყნის საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული.

თვითნებურად დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ. ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ძალადობის ყველა შემთხვევა ეფექტიანად და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“. – წერს ევროკომისია.