თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 მაისს გაიმართება ორი შშმ პირის სასამართლო პროცესი, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
კერძოდ, დავით პაპაშვილს სასამართლო გასული წლის 17 დეკემბერს ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებას ედავება, ხოლო დუტა ჯავახიშვილს – 7 თებერვალს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
როგორც ადვოკატებმა „პუბლიკას“ უთხრეს, სასამართლო პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაბარებულები არიან სამედიცინო დაწესებულების ექიმები „იმის დასადგენად, შშმ პირი აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას.“
იურისტი სოფო მენაბდიშვილი, რომელიც დუტა ჯავახიშვილის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.
როგორც დუტა ჯავახიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, მას მარჯვენამხრივი პარეზი აქვს. მისივე თქმით, ის უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეა და ერთ-ერთი მარშის ხმაა.
როგორც ჯავახიშვილის ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, საქმე ეხება მარშს, რომელიც ყოველ შაბათს იმართება და აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან. პარლამენტთან მისვლისას დუტა რუპორით მოუწოდებს-ხოლმე აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ.
როგორც სოფო მენაბდიშვილმა „პუბლიკას“ განუმარტა, 7 თებერვლის მარშისას, როცა ის მოქალაქეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდა, ამ მომენტში არის კამერით დაფიქსირებული, რომ იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე და შეუდგინეს ოქმი, რომ „კეტავდა გზის სავალ ნაწილს იმ დროს, როდესაც არ იყო გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის აქციის მონაწილეები.“
„ჩვენ ვამბობთ, რომ ის, პირიქით, მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ შეევსოთ ტროტუარის გზა და დაჯარიმებულია გზის გადაკეტვის გამო. შესაბამისად, მოწმეების შუამდგომლობა გვექნება. დავაყენებთ შუამდგომლობას მოწმეთა გამოკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ნამდვილად მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ“, – ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება დუტას ექიმის სასამართლოში დაბარებას და გამოკითხვას, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და არ ეთანხმება, თუმცა მოსამართლეს მისი ეს პოზიცია არ გაუთვალისწინებია.
„ძალიან არასწორია. დისკრიმინაციულია. პირველი – ექიმი არ არის იმ კვალიფიკაციის, რომ შეაფასოს, ადმინისტრაცული სამართალდარღვევის დროს იაზრებდა თუ არა ეს პირი ამ მოქმედების უკანონობას, ვინაიდან ეს არის ექსპერტიზის განსახილველი საკითხი. ზოგადად (სისხლის სამართლის მიზნებისთვის) დანაშაულის ჩადენის ფაქტს იაზრებდა თუ არა პირი, ამას ადგენს შესაბამისი ექსპერტიზა და არა კონკრეტული ოჯახის ექიმი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით წერს დანიშნულებებს. ის ვერ იტყვის, იმ კონკრეტულ მომენტში ეს ადამიანი იაზრებდა თუ არა. შესაბამისად, არ დავეთანხმეთ.
მეორე – ყველა შემთხვევაში არ შეიძლება, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მოსამართლემ იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი აქვს ადამიანს. ეს არის პირთან გასაუბრების, მასთან შეხვედრის, სხვადასხვა მეთოდების გამოყენების შემდგომი ეტაპი, თუ ის შეიტანს ეჭვს, რომ შეიძლებოდა, ამ ადამიანს არ ჰქონოდა გარკვეულ სფეროში გარკვეულ საკითხებზე გააზრების შესაძლებლობა, თუმცა ესეც დისკრიმინაციულია, რადგან არც მოსამართლეს არ აქვს მაგის კვალიფიკაცია, ეს შეაფასოს. ძალიან პრობლემური საკითხია, ამიტომ არ დავეთანხმეთ, მაგრამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ“, – ამბობს ადვოკატი.
თავად დუტა ჯავახიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება – ექიმის გამოკითხვის შესახებ არასამართლიანია.
დავით პაპაშვილმა „პუბლიკას“ უამბო, რომ 17 დეკემბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „ამ მთავრობის წარმომადგენლები მკლავენ!“
როგორც ის გვიყვება, შშმ პირის სტატუსი 2019 წლიდან აქვს, მას შემდეგ რაც სამუშაოს შესრულებისას დასუფთავების სამსახურის მოძრავი მანქანიდან გადმოვარდა, თავის მძიმე დაზიანება მიიღო და 10 დღე კომაში გაატარა.
დავით პაპაშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. როგორც მან „პუბლიკას“ განუმარტა, სასამართლო პაპაშვილს ედავება შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-11 მუხლის, მე-2 პუნქტის ე- ქვეპუნქტის დარღვევას, რაც გულისხმობს მოქალაქეების ან ტრანსპორტისთვის გადაადგილებაში განზრახ ხელის შეშლას – პაპაშვილს ედავებიან, რომ მან მოქალაქეების სავალ ნაწილზე შეაფერხა მოძრაობა.
როგორც ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ განგვიმარტა, იმის დასადგენად, „აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას“ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მომდევნო სხდომაზე სასამართლოში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელმაც მას შშმ პირის სტატუსი მიანიჭა და სწორედ ამ გამოკითხვის საფუძველზე მიიღებს მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას.
„თუ ექიმი იტყვის რომ ვერ აცნობიერებდა შესაბამისი სამართლებრივი ქმედება დადგენა, თუ იტყვის რომ აცნობიერებდა სხვა შედეგი დადგება“,- ამბობს ადვოკატი.
სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში აღნიშნული მუხლი ითავლისწინებს 15 დღემდე პატიმრობას, თუმცა შშმ პირის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამოიყენება, მათთვის გათვალისიწნებულია 5000-ლარიანი ჯარიმა.
დავით პაპაშვილისა და დუტა ჯავახიშვილის პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 მაისს გაიმართება.