პარლამენტმა გელა გელაძე სუსის უფროსად დაამტკიცა

პუბლიკა

პარლამენტმა სუსის უფროსად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე დაამტკიცა. საკითხის პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტამდე გელაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.

სუსის უფროსის პოსტზე გეკა გელაძემ ჩაანაცვლა მამუკა მდინარაძე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ახალი სტრუქტურის შექმნას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირველი მოსმენით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე დღეს შედგა.

საკადრო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს გამოაცხადა. გეკა გელაძე შს მინისტრის პოსტზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.

გელა გელაძე წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში.

ის შინაგან საქმეთა მინისტრი 2025 წლის 28 მაისს გახდა. 2023 – 2024 წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე; 2018-23 წლებში – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი; 2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი; 2012-2016 წლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე; 2010-2012 წლებში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, უფრო ადრეულ წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად მუშაობდა.