თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირების პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მათ საბოლოო სიტყვებს ისმენს. დღეს გამოცხადდება განაჩენიც.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან: მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე, თორნიკე მჭედლიშვილი.
პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
„მინდა, რომ ჩემი სიტყვა დავიწყო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მწერლის, დათო ტურაშვილის სიტყვებით ცნობილი ნაწარმოებიდან „ჯინსების თაობა“, სადაც წერს, რომ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში ჯინსები ვერ შეკერეს, მიიღეს ყველაზე ბოროტი გადაწყვეტილება და ჯინსი უბრალოდ აკრძალეს.
თუ დღევანდელ რეალობაში გადმოვიტანთ ამ ყველაფერს, ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ვერ შექმნა მისთვის სასურველი დემოკრატია და ვერ მოირგო თავის თავზე, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია შექმნა ისეთი დემოკრატია, რომელიც ერთ კაცს შეიძლება მოერგოს, მან უბრალოდ ამ ქვეყანაში აკრძალა დემოკრატია. აი ეს არის თავი და თავი იმ ყველაფრის, რამაც მიგვიყვანა ოთხ ოქტომბრამდე და რაც ხდება უკვე 500 დღეზე მეტია ჩვენს ქუჩებში და ჩვენს ქალაქში“, – თქვა ნადირაძემ.
მისი თქმით, ბავშვობიდან მოყოლებული არაერთ აქციაზე მდგარა და მიაჩნია. რომ დემონსტრაციები დემოკრატიის გამოხატულება და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა და ხელისუფლებასაც მასშტაბური აქციები არ უნდა რჩებოდეს უყურადღებოდ.
„რა ხდება ჩვენთან? მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში გამოდიოდა და გამოდის ხალხის არნახული რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, ხელისუფლება პასუხობს მათ ძალადობით, დაჭერით, ცინიზმით, გაშავებით და ახალ-ახალი დრაკონული კანონების მიღებით.
ბატონო მოსამართლე, ვინმეს გგონიათ, რომ არ დავიღალეთ ამ აქციებით? აბა მართლა გგონიათ, რომ ხალხი აქციებზე დგომისთვის ფულს იღებს? მე შემთხვევით არ მიკითხავს წინა სხდომაზე პროკურორისთვის, რატომ არ ამოიღო ჩვენი ფინანსური ამონაწერები. არ ამოიღო იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ აქციაზე მდგომი აბსოლუტური უმრავლესობა ხალხის იხრჩობა ვალებში. დაყადაღებულია ამ აქციაზე უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმების გამო. ასეთი ერთი და ორი კი არა, ათობით, ათასობით შემთხვევა შეიძლება იყოს.
ვინმეს გგონიათ, რომ აქციაზე ყოფნა გვირჩევნია ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს შვილებთან თუ ჩვენს მეგობრებთან ყოფნას? მართლა გგონიათ, რომ საყვარელი საქმის კეთებასა და ოჯახში ელემენტარული შემოსავლის შეტანას აქციებზე მიღებული ჯარიმების შეტანა გვირჩევნია ოჯახებში? აი ახლა აქ აქციებზე ასამართლებენ ჩვენთვის ყველასთვის ძვირფას და საამაყო ადამიანს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს, უმაგრეს, უწესიერეს მშრომელ ადამიანებთან ერთად. ბატონი პაატას ერთი კონცერტის ჰონორარი შეიძლება აჭარბებდეს, პროკურორებმა რაც შეიძლება ერთ წელიწადში აიღონ.
მაგრამ აი ამ უზრუნველ ცხოვრებას, მაღალ ჰონორარებს ბატონმა პაატამაც, აქ დანარჩენმა ადამიანებმაც, ვარჩიეთ ქუჩაში დგომა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. და ესე არის ათასობით ადამიანი, ათიათასობით, ასიათასობით, რომელიც ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში.
ბატონო მოსამართლე, ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციებზე დგომა. ეს არც ჩვენი ჰობია, არც გატაცება და არც მშვიდობიან რევოლუციას ახსენებდა ვინმე, ამ ქვეყანას რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც უსმენს და ემორჩილება ხალხის ნებას და არჩევანს. დაკითხვისას პროკურორმა მკითხა, როგორ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლებაო და დიახ, ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება, რა თქმა უნდა, უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით, ხოლო ამისთვის სახელმწიფოში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომლის დროსაც ხელისუფლებას შეუძლია დამარცხების აღიარება და ძალაუფლების გამარჯვებული მხარისთვის მშვიდობიანად გადაცემა. აი მაშინ, აღარც ხალხს მოუწევს ქუჩაში გამოსვლა და აღარც მათთვის საერთაშორისო სამართლით მინიჭებული არჩევნების ან მშვიდობიანი რევოლუციის ხსენება“, – თქვა ნადირაძემ.
იყო თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის, ხალხისთვის სწორი არჩევანი?
„მოდით გავიხსენოთ ბოლოს როდის მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ეს ბოლოს მოხდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ერთ საათში გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და აღიარა დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უბინძურესი მეთოდებით მოვიდა ხელისუფლებაში, მათ შორის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით, რომელიც დღემდე გამოუძიებელი საქმეა სხვათა შორის.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ მიშამ მაშინ ზუსტად იცოდა, ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში, ამასთან დაკავშირებით ის დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა საზოგადოებას, მან დათმო ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდობიანად და უპირობოდ. რატომ? იმიტომ, რომ ნამდვილი ლიდერები, ვისაც უყვარს თავისი ხალხი, თავისი ქვეყანა, იქცევიან ასე.
იყო თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის, ხალხისთვის სწორი არჩევანი? ამაზე პასუხი ხალხმა მალევე მიიღო და ალბათ პარლამენტის პირველივე სხდომაზე შეიძლება ითქვას, სადაც ხალხის ყოფისა და ცხოვრების გასაუმჯობესებელი კანონების მიღების ნაცვლად, პირველი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ეს იყო ბუსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვა და აი ამ სისულელეებში ხარჯეს 14 წელიწადი იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის რეალური პრობლემები გადაეჭრათ.
დიახ, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა სწორი არჩევანი და შეიძლება ითქვას, რომ ეს საბედისწერო და ტრაგიკული არჩევანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, რადგან 2012 წელს ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით და პერსპექტივით წასულიყო ქვეყანა წინ ევროპისკენ და მაშინ ყველას ეგონა ქვეყანა ევროპისკენ წავიდოდა და არა მოსკოვისკენ და აშხაბადისკენ, პირველად რეგიონის ისტორიაში, ამას ხაზი მინდა გავუსვა, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რათა ახალ მთავრობას ჰქონოდა შესაძლებლობა შეესრულებინა ყველა მისი დაპირება და გაეუმჯობესებინა ხალხის ცხოვრება და არა მათი ცხოვრება და მათი პირადი კეთილდღეობა.
მოდით, ყველამ ერთად გავიხსენოთ, რა დაპირებებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ და რა უნდა შეცვლილიყო 2012 წლის შემდეგ უკეთესობისკენ, როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ხალხის ცხოვრება და რა მივიღეთ სინამდვილეში.
რას გვპირდებოდნენ? ესე იგი, გვპირდებოდნენ საწვავის ერთი ლარით გაიაფებას. ერთი ლარი მიშას ჯიბეში მიდისო. ერთი ლარით გაიაფება კი არა გაორმაგებული გვაქვს საწვავის ფასები და რა კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ამას ყველა ვხედავთ.
გვპირდებოდნენ დენის და გაზის ტარიფის განახევრებას და გვაქვს პრაქტიკულად გაორმაგებული ტარიფი და იაფი დენი მხოლოდ და მხოლოდ აქვს ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილს თავისი საყვარელი ბიტკოინებისთვის, სადაც შოულობს ხალხის ხარჯზე, ხალხის დენის ტარიფის გაძვირების ხარჯზე დამატებით მილიარდებს და მდიდრდება და მდიდრდება კიდევ უფრო მეტად.
კალაძე გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი გაიაფდება, ყველაფერი კარგად იქნება, განახევრდებაო და ყველაფერი განახევრებული კი არა გაორმაგებული და გასამმაგებულია.
იაფი ნულპროცენტიანი სესხები. აი ამ დაპირებით მოვიდა ასევე ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს. ნულპროცენტიანი სესხები კი არა, აი დღესაც რომ ვლაპარაკობთ, ახალი რეგულაციით გაიზარდა ხო, საბანკო განაკვეთები და პრაქტიკულად კიდევ უფრო მეტის გადახდა უწევთ ადამიანებს ყოველდღიურად ბანკებში, როდესაც ნულპროცენტიან სესხს გვპირდებოდა და მაქსიმუმ ერთი-ორი-სამი პროცენტიანი სესხები. ერთადერთი სესხები რაც ვნახეთ, აგერ რამდენიმე დღის წინ სიუჟეტი იყო, ქართუ ფონდი საქველმოქმედო ფულს როგორ ათეთრებს და გაიცემა სესხები და იქიდანაც მოგებას ნახულობს.
უფასო და იაფი ფულიო და უფასო და იაფ ფულს, რასაც გვპირდებოდნენ, აქვს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და უფასოდ და იაფ ფულს ვხედავთ ხოლმე როგორც წესი მათ სეიფებში, სადაც რომ არ ეტევათ ფულები მერე ოქროს ზოდების სახით ინახავენ.
ხალხს გვპირდებოდნენ ას ქარხანას და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ასი ქარხანა და სამუშაო ადგილები კი არა, ბოლოს გამოვიდა ივანიშვილი, აქ ასი ქარხანა ვერ აშენდებაო, ამდენი სამუშაო ადგილები როგორ შეიძლებაო და ხალხს უთხრა გერმანიაში წადით და კომბოსტო კრიფეთო. აი ეს არის რეალობა.
დიასპორას და ჩვენი ქვეყნის თანამემამულეებს სახლში დავაბრუნებო, ამას გვპირდებოდა და 2012 წლის შემდგომ საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ, მათ შორის ოჯახებით და მცირეწლოვანი ბავშვებით დატოვა ეს ქვეყანა და დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან, რომ თავს უშველოს, თავისი ოჯახი გადაარჩინოს და ბავშვები ამ ჭაობში და უპერსპექტივობაში არ ამყოფოს.
გვპირდებოდნენ განათლების რეფორმას და საუკეთესო განათლების სისტემას და მოსვლის შემდგომ ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გააუქმა და მის ადგილას კაზინოა გახსნილი, არც მეტი, არც ნაკლები. დიახ, ისინი მიზანმიმართულად ანგრევენ განათლების სისტემას და ამის ნაწილია ისიც, რომ დღეს ათიათასობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული მხოლოდ იმის გამო, რომ სწავლის ფული არ აქვთ გადახდილი.
გვპირდებოდნენ უფასო ჯანდაცვას და უფასო ჯანდაცვას კი არა, აი ყველანი ვხედავთ იმ უბედურებას და ეს არის ქვეყნის უბედურება, როდესაც ადამიანები კანცელარიასთან განადგურებული მერამდენე დღეა ითხოვენ თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ელემენტარულ წამალს და მათთან პასუხის გამცემიც კი არ არის, ვინმე გამოვიდეს, ანუგეშოს და რაღაცას შეჰპირდეს და რაღაცა იმედი მაინც მისცეს. აი ეს არის მათი უფასო ჯანდაცვა.
და რა ფასებია ახლა აღარ ვიძახი ექიმთან მისვლას, ან პენსიონერები საწყლად როგორ ითვლიან ხურდებს აფთიაქებთან, რომ ელემენტარული წნევის წამალი იყიდონ, ეს ჩემზე კარგად იცით.
გვპირდებოდნენ ეროვნული პოლიტიკის გატარებას და ქართული მიწების უცხოელებზე არგაყიდვას, მაგრამ არაბული ქალაქების მშენებლობისთვის პრაქტიკულად უფასოდ მისცეს მილიარდ დოლარიანი მიწა შეიხებს. და ეს ყველაფერი უფროსი, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს და საქართველოში იმაზე ბევრად ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე ოდესმე ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
გლეხს ჰპირდებოდნენ, ჰპირდებოდნენ 5 მილიონი ექნება ყველა სოფელსო და 5 მილიონი ყველა სოფელს კი არა ისეთ დღეში ჩააგდეს სოფელი, რომ ალბათ მალე სოფელში ხუთი კაცი აღარ დარჩება, ისეთი უბედურება ტრიალებს და ისე არის გაძვირებული ყველაფერი, რომ ელემენტარულად ვეღარ ხნავენ, ვეღარ თესავენ და მოსავალს ვეღარ იღებენ.
გვპირდებოდნენ სიტყვის თავისუფლებას და ფეისბუქპოსტების გამო აკავებენ დღეს ადამიანებს. ხოლო ქართულ მედიას მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ყველაფერს აკეთებენ მის გასანადგურებლად და ფინანსურად მოსახრჩობად. ერთი სასამართლო არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო ყველა ის კონკრეტული ფაქტი, როდესაც პირდაპირ ძალადობდნენ თავისუფალ მედიაზე და ხელისუფლების წაქეზებით ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და აი აქ იყო ცოტა ხნის წინ მაკა ჩიხლაძე, მასზე თავდასხმა დღემდე არაა გამოძიებული. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. გავიდა სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ „ფორმულაზე“ ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ცნობილია ეს ადამიანი ვინ არის, არცერთი ადამიანი არაა დასჯილი და ეს ძალადობა დღემდე გრძელდება, ხო? ჟურნალისტებზე და ეს ზეწოლა და ფინანსური მოხრჩობა.
გვპირდებოდნენ ევროპას და ნატოს და მივიღეთ მოსკოვი და აშხაბადი. გვპირდებოდნენ გასაოცარ დემოკრატიას და მივიღეთ გასაოცარი ავტოკრატია და ეს არის ის დიდი უბედურება, რაც ხდება ქვეყანაში. არ ვიცი, აი მართლა ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ყველანი შეუსრულებელ ჩაშლილ დაპირებებსა თუ პროექტებზე, როგორიც იყო ლაზიკის პორტი, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელსაც სხვათა შორის საცობებისგან უნდა განეტვირთა თბილისი… დედაქალაქში უნდა შექმნილიყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი, უნდა აშენებულიყო ახალი აეროპორტები, ახალი ინფრასტრუქტურული მეგა პროექტები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელებულიყო, რომელთაც ერთი მხრივ უნდა განემტკიცებინა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, მნიშვნელობა და უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ შეექმნა ასობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.
შეეძლო თუ არა ბიძინა ივანიშვილს სწორი პოლიტიკის და ნების არსებობის შემთხვევაში შეესრულებინა ყველა ის დაპირება, რაც მე ჩამოვთვალე და რა დაპირებითაც ის მოვიდა და ქვეყანა წაეწია წინ და არა უკან?
მე აქ ვიტყვი, რომ დიახ, შეეძლო, რადგან თუ წინა ხელისუფლებამ შეძლო, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ რვა წელიწადში უმძიმესი სასტარტო პირობებიდან საქართველო მაინც გახდა ნომერ პირველი რეფორმატორი და წარმატების მაგალითი მთელ რეგიონსა თუ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილს დიახაც რომ ეს 15 წელიწადშიც უნდა შესძლებოდა.
[…] დიახ, 2003-2012 წლებში იყო, რა თქმა უნდა, შეცდომები, იმიტომ რომ ვინც აკეთებს საქმეს, შეცდომებსაც უშვებს. ზოგიერთი შეცდომა ბევრად მძიმე იყო, ზოგი ნაკლებად მძიმე, მაგრამ ეს შეცდომები იყო. მაგრამ რაც ამ წლებში გაკეთდა, იმის ნახევარი რომ გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილს, დღეს „ქართულ ოცნებას“ შეეძლებოდა ეთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანა არისო. მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა საპირისპიროდ და ერთ-ერთი რიგითი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა კი არა, ვართ არ ვიცი, გაჭირვების და სიღარიბის და უპერსპექტივობის მხრივ ალბათ მსოფლიოს ტოპ ათეულებში“.
ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა ვერ გააკეთა თუ არ გააკეთა?
„თუ კიდევ ერთხელ გავითვალისწინებთ რა სასტარტო პირობებში მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ვერ გააკეთა კი არა, არ გააკეთა. რატომ არ გააკეთა? ამისთვის არსებობს ორი მარტივი მიზეზი.
პირველი, იმიტომ, რომ მას არ სურდა, რადგან „გაზპრომიდან“, რუსული ტერორისტული სახელმწიფოს მთავარი ფინანსური არტერიიდან, საიდანაც დღესაც ფინანსდება უსასტიკესი და დანაშაულებრივი ომი ჩვენი უკრაინელი მოძმეების წინააღმდეგ, რომელშიც იხოცებიან უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, „გაზპრომიდან“ პუტინმა ფული გამოატანა არა იმისთვის, ბიძინას რომ საქართველო ევროკავშირში ან ნატოში შეეყვანა, რომ აეყვავებინა, აეღორძინებინა, კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული და მიმზიდველი გაეხადა, რაც არის მათ შორის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. არა! მას ფული რუსეთიდან გამოატანეს რუსული სპეცსამსახურების ერთადერთი მიზნით: დაენგრია ჩვენი ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები, გაენადგურებინა თავისუფლად მოაზროვნე პროდასავლური საზოგადოება, დაენგრია საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაეწვა ყველა ხიდი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მოექცია ქვეყანა სრულ იზოლაციაში. მოღალატეობრივად დაედანაშაულებინა ქვეყანა ომის დაწყებაში და ჩაეკეტა ისე, რომ ექცია ერთ პატარა, უთავმოყვარეო და უპერსპექტივო რუსულ სოფლად, რომელსაც აღარასოდეს ექნებოდა ამბიცია ყოფილიყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო და რომელიც ვეღარასოდეს იტყოდა თავის სიტყვას თანამედროვე გეოპოლიტიკაში.
დიახ, კაცი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ აფინანსებდა და პრაქტიკულად სათავეში ედგა საქართველოს დაუძინებელი მტრის, გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას, იმ კაცის, რომლის ბრძანებითაც ნიჩბებით დაჩეხეს ჩვენი ახალგაზრდები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები — 16, 17, 18 და 21 წლის გოგოები და ბიჭები — ეს ადამიანი, მე არ მჯერა, რომ ჩამოვიდა იმ დავალებით, რომ საქართველო აეღორძინებინა.
ის ჩამოვიდა ერთადერთი დავალებით — რომ გაეკეთებინა რუსული საქმე და ის აკეთებდა და დღესაც აკეთებს რუსული სპეცსამსახურების საქმეს და ცდილობს, აასრულოს პუტინის სანუკვარი ოცნება და მიეხმაროს მას საბჭოთა კავშირის აღდგენაში.
რაც შეეხება მეორე მიზეზს, რატომ არ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რატომ არ შეასრულა ის დაპირებები, რომელიც მთელ ქვეყანას უნდოდა, შეიძლება ითქვას, და ყველას უნდა, რომ ქვეყანა ყოველთვის წინ წავიდეს, რა ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს.
ერთ წიგნში წავიკითხე და სხვათა შორის, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები: მშიერნი, დანაყრებულნი და გაუმაძღარნი.
და როდესაც ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე ვსაუბრობთ, საქმე გვაქვს სწორედაც რომ აი ამ მესამე ტიპთან და კატეგორიასთან — გაუმაძღარ ხალხთან, რომლებიც პარავენ ქართულ ჯარს, იპარავენ სოციალურად დაუცველთ უფასო სასადილოებში საჭმლის ულუფებიდან, იპარავენ პატიმრებს ულუფებიდან, პარავენ საბავშვო ბაღის ბავშვებს, პარავენ სკოლის მოსწავლეებს და არაერთი ფაქტია აუშენებელი ბაღების, სკოლების, ხიდების, ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტების და ეს არის ფული, რომელსაც ისინი იპარავენ. და ისინი მარტო ბიუჯეტის ფულს და ქონებას კი არ იპარავენ, ისინი ამით პარავენ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობებს, გინდაც ჩვენც — მომავალს. მომავალს პარავენ, სიცოცხლეს პარავენ, ჯანმრთელობას პარავენ, იმიტომ, რომ ყოველი მოპარული თეთრი და ლარი აკლდება სწორედაც აი იმ პენსიის გაზრდას, იმ წამლის ფულს, იმ ინფრასტრუქტურას, იმ ადამიანების კეთილდღეობას, რომელიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ.
ესენი არიან გაუმაძღართა კასტა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ 7 მილიარდი და მაინც უნდათ მერვე მილიარდი; რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ მოპარული ფულით გავსებული ოქროსზოდებიანი ერთი სეიფი და უნდათ მეორე; რომელთაც შეუძლიათ ახალ წელს საჩუქრად მეუღლეებს სახლები კი აჩუქონ, მაგრამ უარს არ იტყვიან მთების ჩუქებაზეც და მოჭრილი და განადგურებული მთებიც, წილოსანის შემთხვევაში მაგალითად, და ლანდშაფტებიც გვინახავს.
ეს არის ხალხი, რომელთაც არ ყოფნით 14 წლის განმავლობაში ხალხის გაღარიბების, გაღატაკების, ქვეყნიდან გაქცევისა და გაუბედურების ხარჯზე ნაშოვნი მილიონები და მილიარდები და უნდათ კიდევ უფრო მეტი ფული, კიდევ უფრო მეტი ოქრო, კიდევ უფრო მეტი მიწა, კიდევ უფრო მეტი ხე და რომ შეეძლოთ, ჰაერსაც შეგვიზღუდავდნენ, ნუ პრაქტიკულად ბიძინამ ჰაერიც შეზღუდა, იმიტომ რომ მის თავზე ჩიტებმაც არ უნდა იფრინონ ალბათ და ახალ სიგიჟეებს უნდა ველოდოთ.
ფაქტია ერთი რამ, და ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ვერ შეასრულეს დაპირებები და ამ შეუსრულებელი დაპირებების და მოსახლეობის გაღარიბების, გაძვირებული ცხოვრებისა და გაჭირვების ფონზე, რომელსაც დაემატა გავრილოვის ღამე, დარბევები, დაჭერები, რუსული კანონი თუ სხვა სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომლებმაც დააკარგვინა ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა და რეჟიმს დასჭირდა 2024 წელს არჩევნების გაყალბება, ხელისუფლების მიტაცება და ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ვერ შეასრულეს, რაც დაჰპირდნენ და ვერ გააკეთეს, იმიტომ, რომ იყო უდიდესი კორუფცია, კრიმინალი და ასე შემდეგ, მათ გააყალბეს ეს არჩევნები.
ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება მიტაცებულია, ამაზე ვსაუბრობთ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება და სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ რეჟიმს ხელს აღარავინ ართმევს და რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ და ერთმანეთის მიყოლებით ასანქცირებენ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ წინაა მთავარი სანქციები. ფაქტია, ბიძინამ უნდა დაინახოს ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციები და როგორც ეს შეშინებულ დამფრთხალ დიქტატორებს სჩვევიათ, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა, კიდევ უფრო მეტად მოუჭირა მარწუხებს და ეგრეთ წოდებული არჩევნებიდან ერთ თვეში პრემიერად წოდებულმა კობახიძემ დაგვიანონსა, რომ უარს ამბობდნენ ქვეყნის ევროპული კურსის გაგრძელებაზე და უკვე მეორედ, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
ამას მოჰყვა შესაბამისი რეაქციები ხალხის მხრიდან და სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ ჩვენი მოქალაქეებისა და მომიტინგეების უსასტიკესი დარბევები, გაურკვეველი ნივთიერებებით მოწამვლა, ადამიანებზე მასობრივი ძალადობა, სასტიკი ნაცემები და ნაწამები ასობით მომიტინგე, მათ შორის პირდაპირ ეთერში სასიკვდილოდ გამეტებული ჟურნალისტები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დარბევისას სიკვდილამდე მიიყვანეს ჩემი მეგობარი ლევან ხაბეიშვილი.
ის, რომ ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაულები ხელისუფლების მხრიდან, რომ ნაწამები და მოწამლული იყო ასობით მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დღემდე აკეთებს, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეებს და დაიცვას მოძალადე სპეცრაზმელები და მაღალჩინოსნები, ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად დაინახეს და სწორედ ამიტომაც არის, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს უკვე ემუქრებათ არაერთი საერთაშორისო სასამართლოსა თუ ტრიბუნალის წინაშე წარდგენა.
დიახ, „ოცნების“ სისასტიკეს, ძალადობას, დანაშაულების დაუსჯელობას მოჰყვა უწყვეტი პროტესტი, რომელიც აგერ უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მკაცრი და რუსული სტილის კანონი მიიღეს აქციების გასაქრობად და ადამიანებს უკვე ტროტუარებზე დგომის გამოც კი იჭერენ, დიახ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ათობით ადამიანი დააკავეს და ციხეში გამოკეტეს რამდენიმე წლით, მაშინ როდესაც მოძალადეები და კანონდამრღვევები არიან არა ეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, არამედ რუსული რეჟიმი და მათი სპეცრაზმი იყო. ფაქტია, რომ დასაჯეს მშვიდობიანი მომიტინგეები და არა მოძალადეები“.
„ამ უსამართლობის გამოძახილი იყო 4 ოქტომბერი“
„მე მაქვს პატივი, გლდანის ციხეში ვიჯდე 38-ე საკანში, ისეთ არაჩვეულებრივ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად, როგორიც არიან რეზო კიკნაძე. მისი გონება, მისი ნიჭი, მისი განათლება როგორ არ შეიძლება, რომ ქვეყანამ არ გამოიყენოს ქვეყნის გასამთლიანებლად. აი ეს არის მართლაც გამორჩეული ტვინის, გონების და ნიჭის პატრონი და დააკავეს დაჭმუჭნილი ქაღალდის სროლის გამო.
ჩემთან ერთად ზის ასევე მინდია შერვაშიძე, რომელიც დაკავებულია იმის გამო, რომ აქციაზე მოუვარდა პროვოკატორი, რომელსაც დანა ეჭირა ხელში, წაართვა, გააუვნებლა და ამის გამო აქეთ დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში. ნიკა ჯავახიშვილი იჯდა ასევე, რომელსაც ანთებული ფეიერვერკი მიაწოდეს ხელში და ისე, რომ არავის არ მოხვედრია და სხვა არ დაუზიანებია, ამის გამო ჩასვეს ეს ადამიანი ციხეში. აი ესეთი ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი სინდისის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი და ეს არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი.
სწორედ ამ უსამართლობის გამოძახილი იყო სწორედაც 4 ოქტომბერი და ამ ბრძოლამ მიიყვანა ხალხი სწორედ რუსთაველზე. ამ საერთო-სახალხო შეკრებაში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე. პატრიოტი, გულანთებული მამაცი მოქალაქე. დიახ, ოთხმა ოქტომბერმა დაანახა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი, ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც არ ვეგუებით რუსულ დეზინფორმაციას და დიქტატურას, ვინც არ ვეგუებით ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ვინც არ ვეგუებით დემოკრატიის გაუქმებას და უსამართლობას და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის და ევროპული მომავლისთვის.
პატივცემულო მოსამართლე, მე ჩემს ჩვენებაში აღვნიშნე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე თითქმის ყველა აქციაში ვიღებდი მონაწილეობას და სანამ ასე იქნება, ყველა აქციაში მივიღებ მონაწილეობას. თუმცა, საჯაროდ ამ თარიღთან დაკავშირებით გამოვჩნდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სპეცრაზმელების მიერ სასიკვდილოდ გამეტებული, აბსოლუტურად უკანონო სამარცხვინო ბრალდებით. ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, რომ აქტიურად გამოვჩენილიყავი უკვე ტელევიზორშიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს პრაქტიკულად განცხადების გამო. კაცი, რომელიც სასიკვდილოდ გამეტებული. მას შემდეგ, რაც გავიგე მისი დაკავების შესახებ, გამოვჩნდი ამ 4 ოქტომბრის ამბებში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე გამოვდიოდი და ყველა ეთერში ვამბობდი, რომ ამ ეთერებში ვიძახდი, რომ მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს, პოლიტიკოსებს მათ შორის, იჭერენ პოლიტიკური განცხადებების გამო, ისე როგორც დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი. სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ კორუმპირებული მერის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული საპროტესტო წარწერის გამო, ისე როგორც დაიჭირეს ელენე ხოშტარია. სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაზე არმისვლის გამო, ან მოქალაქეებთან და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებისას გაკეთებული ფარული ჩანაწერების გამო, როგორც დაიჭირეს და დღემდე ასამართლებენ ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძეს, ზურა ჯაფარიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და ბევრ სხვას, არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს უბრალოდ.
დიახ, მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უმიზეზოდ აკავებენ ქალ ჟურნალისტს, აყენებენ შეურაცხყოფას და მერე, როდესაც ეს ჟურნალისტი დაიცავს თავის ღირსებას, მას ციხეში სვამდეს პოლიციის მაღალჩინოსანი ლოყის აწითლების გამო, ისე როგორც ციხეში ჩასვეს ჩვენი საამაყო ადამიანი მზია ამაღლობელი. დიახ, მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, სადაც ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომის და სიტყვის გამო. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არის უკიდურესი გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა, უიმედობა, სადაც ბავშვები შიმშილობენ და ხალხი ქვეყნიდან გარბის თავის გადასარჩენად.
არ მინდა ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ისჯებოდეს რუსეთის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსნის და აწ უკვე შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული, ბატონი ფარცხალაძის მიერ. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაღარიბების ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე მდიდრდებოდნენ მაღალჩინოსნები, სეიფებში ვეღარ ტევდნენ მოპარულ დოლარებს და ოქროებს. და არ მინდა, რომ ჩემი შვილები და ჩვენი მომავალი თაობები გაუნათლებლები დარჩნენ ან რუსეთში წავიდნენ სასწავლებლად მაშინ, როდესაც ქოცებს თავიანთი შვილები ჩარტერული რეისებით დაჰყავთ საუკეთესო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში.
დიახ, არ მინდა უგულო, უსამართლო, კორუმპირებული მოღალატე რეჟიმი და მთავრობა, რომელიც ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს ართმევს კეთილდღეობას, პერსპექტივას, ევროპულ ცივილიზებულ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას. არადა საქართველოს არც ზღვა აკლია, არც მთა, არც საუკეთესო ნიჭიერი ხალხი თუ გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ვიყოთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა და ხალხმაც იცხოვროს ბედნიერებასა და კეთილდღეობაში.
გამოვდიოდი ეთერებში და ამ ყველაფერზე ვსაუბრობდი და სწორედ აქ რეჟიმმა და პროკურატურამ დაინახა ჩემი პირველი დანაშაულის ნიშნები, რომ თურმე ვახსენებდი ამ გადაცემაში ყოფნისას რევოლუციას და დამხობას. ოღონდ რატომღაც დაამახინჯეს ჩემი ყველა ფრაზა და გამოსვლა და ტექსტებიდან და ბრალდებიდან რატომღაც ამოიღეს მათი ყველაზე საყვარელი სიტყვა — მშვიდობიანი. რატომ ამოიღეს და დაამახინჯეს და დღეს ამახინჯებენ? იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩემი და ყველა იმ ადამიანის გამოსვლა, ვინც ეთერებში გამოვდიოდით, არ ცდება და ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში და ბრალი უბრალოდ აღარ გამოდის.
მაგრამ ამ ხელისუფლებას სხვა ინტერესი აქვს, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები და როგორც უნდათ ისე აყალბებენ და ეპატრონებიან ხელისუფლებას, ვინმემ არ გაბედოს და მათთვის მონიჭებული საერთაშორისო სამართლით მონიჭებული უფლების, ან მშვიდობიანი აჯანყების, ან მშვიდობიანი რევოლუციის ხსენება აღარ გაბედოს ამ ქვეყანაში.
ამას აკეთებენ შიშის გამო, რადგანაც მათ იციან, რა შეუძლია ერთიან, მტკიცე, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს მამაც და თავისუფლებისმოყვარე ხალხს და სწორედ ამის გამო უნდათ მათ პრევენცია მოახდინონ, რომ შემდგომში ვერავინ ვეღარ გაბედოს ვერც მშვიდობიანი აჯანყების, ვერც მშვიდობიანი დაპყრობის და ვერც მშვიდობიანი რევოლუციის ხსენება“.