საპატრიარქოში გაფართოებული კრების საორგანიზაციო საკითხები განმარტეს, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ სამების ტაძარში დაგეგმილ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი.
როგორც ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვალვე გახდება ცნობილი, ვინ იქნება პატრიარქი და მას მეუფე ანანია გამოაცხადებს, რადგან სწორედ ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე.
„სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული, ასევე, ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილი სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. ამით მოხდება სიაში იდენტიცირება. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან. 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება.“
ბიულეტენებზე იქნება 3 კანდიდატი შემოსახაზი.
„კანდიდატის სახელი იქნება დაბეჭდილი ბიულეტენზე და ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი ჩაიდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება დადებული. 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი გამოცხადდება ხვალვე. მას გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე განმარტებით, კრების გახსნა გადაიცემა პირდაპირ ეთერში. შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა და საბოლოოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში.
სატრანსპორტო საშუალებების მისვლა იზღუდება და ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, ასევე მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მიდის. ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება მხოლოდ ტაძარს შიდა სივრცეს.
სინოდში პირველი კენჭისყრა 28 აპრილს ჩატარდა. სინოდმა გამოირჩია სამი საპატრიარქო კანდიდატი.
მიტროპოლიტმა შიომ ხმათა ნახევარზე მეტი – 20 ხმა მიიღო; მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი 7 ხმით, მიტროპოლიტი გრიგოლ ასევე 7 ხმით.