საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი

პუბლიკა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმისკენ გადახრისა და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევების მიზეზით.

რეზოლუციაში ფრანგი კანონმდებლები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე, ასევე მოუწოდებენ საფრანგეთის ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, რომ მოითხოვოს საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და მიიჩნევს, რომ ევროპული ფინანსური დახმარება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ უნდა გადაამისამართონ.

„ეროვნული ასამბლეა მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, გაწევრების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების დაწყება პოლიტიკური კრიტერიუმების ეფექტიან დაცვას დაუკავშირონ, კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი საკანონმდებლო არჩევნების ჩატარებას;

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მითითებული პირების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ მიზანმიმართული ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შესაბამისად;

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და იმ ახალგაზრდა მშვიდობიანი მომიტინგეების, რომლებიც თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების გამო დაისაჯნენ;

სთხოვს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევა მისი იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელსაც ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.