დუტა ჯავახიშვილი: „მოსამართლეს ვუთხარი, რომ არ მაქვს საშუალება, 5 000 ლარი გადავიხადო. მირჩევნია, პატიმრობაში გამიშვას“

პუბლიკა

დღეს, 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დუტა ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდნენ. დუტა ჯავახიშვილს შშმ პირის სტატუსი აქვს.

ბოლო სასამართლო პროცესზე გამოიკითხა დუტა ჯავახიშვილის ექიმი. მოსამართლე დაინტერესდა, საპროტესტო აქციაში ჩართულობისას „შშმ პირი აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას.“ პროცესზე ექიმის გამოკითხვის ნაწილი დახურული იყო. დღევანდელ პროცესზე კი გამოკითხეს სამხარაულის ექსპერტი და სხდომის ეს ნაწილიც დახურული იყო.

როგორც თავად დუტა ჯავახიშვილის, ასევე ადვოკატების შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ექიმების გამოკითხვის თაობაზე დისკრიმინაციულია.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო ექსპერტის გამოჩენა, რადგანაც წინა სასამართლო სხდომაზე ნათლად თქვეს მოწმეებმა, რომ მე ვიყავი საღად მოაზროვნე ადამიანი და სრულად ვიაზრებდი, თუ რას ვაკეთებ და როგორ…

რაც შეეხება ჩემს დასკვნით სიტყვას, ვთქვი, რომ მე ადამიანებს მოვუწოდებდი, გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და გადმოსულიყვნენ ტროტუარზე, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს უწევთ პატიმრობაში ყოფნა და ასევე 5 000 ლარის გადახდა, რაც მიმაჩნია, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება…

მოსამართლისა და შსს-ს პოზიცია უსამართლოა, დისკრიმინაციული და მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. [მოსამართლემ] თქვა, რომ პატიმრობას ვერ გამოიყენებდა ჩემ წინააღმდეგ და მე ვუთხარი, რომ არ მაქვს იმის საშუალება, 5 000 ლარი გადავიხადო, რადგანაც ვცხოვრობ მარტო… მირჩევნია, პატიმრობაში გამიშვას, ვიდრე 5 000 ლარი დამაკისროს“,- ამბობს დუტა ჯავახიშვილი.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჯავახიშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტის სასამართლო პროცესზე მოწვევა დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო. მათ დააყენეს ექსპერტის აცილების შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ ასევე თავისი ინიციატივით მოიწვია ექსპერტი, ამის შესახებ დაცვის მხარეს, დიმიტრის ადვოკატებს საერთოდ არ გვქონდა ინფორმაცია. არ ვიცოდით თუ ექსპერტი უნდა დაკითხულიყო, ეს იყო სამხარაულის სახელობის კლინიკის ექსპერტი, ეს პროცესიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ჩვენ დავაყენეთ ექსპერტის აცილების შუამდგომლობა, რამდენადაც ამის საჭიროება არ იყო და არც სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ექსპერტმა სასამართლოს მისცა განმარტება, რამდენადაც დახურული პროცესი იყო ამ განმარტებებზე ვერ ვისაუბრებ. ზოგადად ტენდენცია არის დისკრიმინაციული და დაუშვებელი, არ შეიძლება რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასე ითამაშოს სასამართლომ და თვითონ გადაწყვიტოს რომელი ექსპერტი როდის მოიწვიოს და რომელ ექსპერტს გაუზიაროს პერსონალური მონაცემები, ამას საერთოდ სხვა სტანდარტი სჭირდება.

ადამიანის შერაცხადობის საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული, ამას ძალიან მკაფიო და მკაცრი კრიტერიუმები სჭირდება და ეს საერთოდ არ არის მოსამართლის საქმე“,- აცხადებს დუტა ჯავახიშვილის ადვოკარი თამარ გაბოძე.

დუტა ჯავახიშვილის საქმის განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლე, მანუჩარ ცაცუა, გადაწყვეტილებას 15 მაისს გამოაცხადებს.