ტროტუარზე დგომის გამო ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ტროტუარზე დგომის გამო ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პეტრიაშვილს 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

 „ბუნებით უაღრესად კანონმორჩილი ვარ. სამწუხაროდ, ეს არ აისახება ბოლო პერიოდის ჯარიმებში. ვიდეოზე არავითარი ნიშანწყალი არ არის იმის, რომ ვინმეს [ტროტუარზე] ჰქონდა შეფერხება. ჩემ ირგვლივ არის [გადაადგილებისთვის] საკმარისი სივრცე, ჩემ ირგვლივ მოძრაობდა ადამიანების ჯგუფი. 17 დეკემბერს არავითარი დარღვევა იმ სივრცეში, სადაც ვიყავით, არ ყოფილა, არავითარი მოწოდება შსს-ს მხრიდან. თუ შსს-ს გეგმა აქვს შესასრულებელი, ადამიანები დასაჯოს და ციხეში გაუშვას, ეს მეორე ამბავია…

ეს კანონი არის სრულიად ანომალიური. სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სწორედ ამგვარი კანონებითაა განპირობებული ის პროტესტი, რაც აქვთ მოქალაქეებს. ჩვენ გვაქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. ამ პროტესტში ადამიანების სრული უმრავლესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს. იქ არის უამრავი პოლიციელი, რომლებიც აფიქსირებენ, რომ იქ არავითარი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება. კანონები კი, რომელიც მიიღეს, აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას“, – უთხრა პეტრიაშვილმა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

მოსამართლე კაპანაძემ განიხილა პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის, სანდრო სეხნიაშვილის საქმე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სეხნიაშვილს 7 თებერვალს პარლამენტის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.