შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ახალი სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, პირველი ივნისიდან შეძლებს საქმიანობის დაწყებას. ამის შესახებ დარახველიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას აქ, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო 1-ელი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება“, – განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევისას აქცენტი მოქმედ თანამშრომლებზე გაკეთდება. ისინი გამოცდილების მიხედვით სხვადასხვა დანაყოფებიდან შეირჩევიან, შემდეგ კი ეტაპობრივად ახალი კადრებსაც მიიღებენ.
„ვფიქრობთ, რომ კონკრეტული სამუშაო დოკუმენტები შევიმუშაოთ, სახელმძღვანელოები, კონკრეტული ტრენინგ მოდულები შემუშავდება და ეს ხალხი გაივლის გადამზადებას. ასევე, ის თანამშრომლები, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, გარკვეულ მენტორობასაც გაუწევენ. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია, საკმაოდ სიღრმისეული და კვალიფიციური ცოდნა სჭირდება ასეთი ტიპის დარღვევებზე რეაგირებას, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდებით და მომზადებული ვიქნებით იმისათვის, რომ ეფექტურად აღვასრულოთ თითოეული ის დანაწესი, რომელიც კანონით არის განსაზღვრული”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ
დარახველიძემ ასევე აღწერა, როგორ უნდა იმუშაოს სამმართველომ. მისი თქმით, უნდა დაიწყონ იმ კრიტერიუმით, რაც კანონში წერია, ესაა ლანძღვა, გინება და შეურაცხმყოფელი გადაკიდება, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ვის მიემართება ეს ლანძღვა-გინება და გაირკვეს, ის მიზნად ისახავდა ღირებულ კრიტიკას თუ იყო უბრალოდ ვულგარული, უხამსი გამონათქვამი. დარახველიძემ მოიხმო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, ამბობს, რომ გამონათქვამები კონტექსტში უნდა შეფასდეს.
„კანონი არსებობს, რომელიც საკმაოდ განჭვრეტადია და ამბობს პირდაპირ – ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, თუ ეს თანამდებობის პირებს მიემართება, ან კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, ამ შემთხვევაში მათ საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ან კონკრეტული ფუნქციის შესრულებასთან.
თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება თავად ამ გამონათქვამის მიმართება ადამიანის ღირსებასთან, ფასდება სივრცე, სად, რა კონტექსტში იქნა ნათქვამი და რამდენად ლახავს ადამიანის ღირსებას, ეს ფაქტორები ფასდება. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა განიხილოს სასამართლომ და სასამართლომ ინდივიდუალურად ყველა შემთხვევაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტის არის თუ არა აქ გამოხატვის თავისუფლება, თუ ეს უკვე გაცდა იმ ფარგლებს, რაც კანონით არის განსაზღვრული“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, სიძულვილის ენის უნივერსალური განმარტება არ არსებობს, თუმცა ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე.
„როდესაც კონკრეტული პირი, ვინც ამ გამონათქვამებს იყენებს, არ აყენებს კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფას და ამ უხამსი გამონათქვამებით რაიმე პოლიტიკას აკრიტიკებს, ან მის შეხედულებას აფიქსირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ასეთ შემთხვევაში, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებად. აქ ზღვარი გადის პიროვნულ თავდასხმებზე.
თითოეული კრიტიკა, თავდასხმა იქნება, უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი, თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში, უკვე ერთვება კანონი. ამ შემთხვევაში კანონი გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ადამიანის ღირსება“, – განაცხადა მან.
18 მაისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში „სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას“ მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.