დიდმა ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მათ დაასანქცირეს ჩრდილოვანი ფინანსური და კრიპტოვალუტის ქსელები, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა. ბრიტანული სანქციების ახალ პაკეტში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანიაც აღმოჩნდა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთზე ფოკუსირებულ ბირჟებზე ოპერირებდნენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციები მიმართულია კრიპტოვალუტის ბირჟებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთის მიხედვით, ეს ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა დასავლური სანქციებისგან გვერდის ასავლელად, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების დასამუშავებლად რუსეთის საომარი ეკონომიკის დაფინანსებისთვის.
დიდი ბრატანეთის მთარობის განცხადებით, თავად ამ ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით, ქსელმა გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხა – რაც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს უდრის.
„ახალი ზომები ასევე შეეხო A7-თან დაკავშირებულ ძირითად პირებს. ეს დაჯგუფება იყენებს ყირგიზულ ბანკს, რომელიც ეჭვმიტანილია ქსელისთვის გადახდების ხელშეწყობაში, ასევე მსხვილ გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელმაც ჩვენი ვარაუდით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დააბრუნა კრემლის ხელში.
ჩვენ ასევე მიზანში ვიღებთ 3 ქართულ კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ რუსეთზე ფოკუსირებულ ბირჟებზე და ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიხედვით, სანქციების სიაში მოხვდა:
„შპს AIFORY – ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან იმ პირისთვის სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, რომელიც საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორში.
სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შპს AIFORY ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.
შპს ARVIX – ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ჩართული პირებისთვის (კერძოდ Garantex-ისა და Grinex-ისთვის) ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან სახსრების, ეკონომიკური რესურსების ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით.
შპს ARVIX იღებს ან იღებდა სარგებელს ან მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.
შპს RAPIRA GROUP – ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.
ის ჩართულია ან ჩართული იყო უკრაინის დესტაბილიზაციაში, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაში.
ეს გამოიხატება ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან იმ პირისთვის სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, რომელიც თავად აწვდის ფინანსურ სერვისებს ან უზრუნველყოფს ისეთი სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარას.“