მიქანაძე: ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო გვექნება

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. გივი მიქანაძემ სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა.

როგორც მიქანაძე განმარტავს, რეფორმის ფარგლებში რამდენიმე წელიწადში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ყველა საფეხურზე, ერთსა და იმავე დისციპლინაში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო იქნება.

მისივე თქმით, ყველა ის სახელმძღვანელო, რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში, გაივლის პილოტირების ეტაპს „უშუალოდ სასწავლო პროცესში“, ყველა სკოლაში ერთდროულად.

მიქანაძე ამბობს, რომ ცვლილება ეფუძნება მიზანს, ყველა მოსწავლეს მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური მდგომარეობისა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, აკადემიურად გამართულ და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის სასწავლო რესურსზე.

მიქანაძემ ისაუბრა სახელმძღვანელოს შემუშავებისთვის მოსამზადებელ პროცესზე. მისი თქმით, „პროცესის დაწყებამდე შევისწავლეთ არსებული სახელმძღვანელოები. გამოიკვეთა მაღალი რეიტინგის მქონე ავტორები. განხორციელდა მათი პროფესიული გამოცდილების, საგნობრივი კომპეტენციის, პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება, იდენტიფიცირდა მასწავლებელთა მოთხოვნები და მოსწავლეთა საჭიროებები და დაიწყო სამუშაო პროცესი.“

მიქანაძე ამბობს, რომ ეს პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა დარგობრივი ასოციაციების, უნივერსიტეტების, ფსიქოლოგების, პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩართულობით , სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა მიერ არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, „სანამ არ ჩამოყალიბდა სახელმძღავნელოზე მომუშავე პირთა ჯგუფები, რომლებმაც შემოგვთავაზეს სახელმძღავნელოს ხედვა და კონცეფცია.“

 „მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები რომელთა მასალები სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია, ერთეული კარგი წიგნების ან ცელკეული გამართული თავების თუ საკითხების არსებობა სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენს, სწორედ ამიტომ გადაწყდა ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა…

… გარდა საგნობრივი თუ მეთოდოლოგიური ცოდნისა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღავნელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში, ყველა ის სახელმძღვანელო რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში გაივლის პილოტირების ეტაპს, უშუალოდ სასწავლო პროცესში და ეს პილოტირება იქნება ყველა სკოლაში ერთდროულად. მთელი შემდგი აკადემიური წლის განმავლობაში მასწავლებლები და მშობლები თავად იქნებიან ჩართული სახელმძღვანელობის შეფასებაში, დახვეწაში და უკუკავშირის პროცესში.

რაც შეეხება მოსაზრებას რომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი შესაძლოა მრავალფეროვნებას ზღუდავდეს – მოსწავლე კონკრეტულ საგანში, კონკრეტულ კალსში ამ დრომდე ერთი სახელმძღვანელოთი სწვალობს, მასწავლებელს კი ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა უფლბა აქვს დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა, მასწავლებლებს აქვს სრული აკადამიური თავისუფლება, ამ მიმართულებით, მასწავლებელთა მხარდაჭერის მიზნით რამდენიმე ციფრული პლატფორმის განვითარება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

სიტყვით გამოსვლისას მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ, პირველ, მე-7, მე-10 კლასელებს უკვე დახვდებათ ახალი სახელმძღვანელოები ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში.

„ამასთანავე, ვზრუნავთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, უარს ვამბობთ სქელტანიან სახელმძღვანელოებზე. შემოგვაქვს ახალი პრინციპი, გადავდივართ სემესტრულ სახელმძღვანელოებზე. ზოგი სახელმძღვანელო სამ და ოთხ ნაწილად დაიბეჭდება, რათა მოსწავლეთა ჩანთები შევამსუბუქოთ“,- აცხადებს მიქანაძე.