ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე 2016 წლის შემდეგ პირველი სამხედრო აღლუმი ჩატარდა, სადაც 2022 წლის შემდეგ შეძენილი იარაღი წარმოადგინეს.
ერევანში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად 28 მაისს გამართული აღლუმი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მასში მონაწილეობდა შვიდი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან და ინდოეთიდან შესყიდული სამხედრო ტექნიკა სომხური წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, რომელთა ექსპორტიც, ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანამ მაისის დასაწყისში დაიწყო.


თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის დღე „სრულიად ახალ ისტორიულ კონტექსტში აღინიშნება“ და დასძინა, რომ „თითქმის 35-წლიანი კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა“.
ორმა ქვეყანამ სამშვიდობო შეთანხმებას პარაფირება 2025 წლის აგვისტოში, ვაშინგტონის სამიტზე გაუკეთა, თუმცა ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი.
„მშვიდობა არის ის, რაც სომხეთის პირველ რესპუბლიკას აკლდა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და განვითარებისთვის, ხოლო მშვიდობის არარსებობა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ, 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1920 წელს ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა ეს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ისტორიიდან გაკვეთილები ნასწავლია.
„დამყარებული მშვიდობა, მისი შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძვლების განვითარება და განმტკიცება, სომხეთის გარდაქმნა კონფლიქტის ჩიხიდან მშვიდობის გზაჯვარედინად, მათ შორის TRIPP-ის [ტრამპის მარშრუტი] პროექტის განხორციელების გზით, ისევე როგორც მისი მოქალაქეების უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, აღლუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც ანგარიში სომხურ საზოგადოებას, სადაც წარმოდგენილია, როგორც თავად უწოდა, „ახალი შეიარაღებული ძალები […] აღჭურვილი ახალი შეიარაღებით, ახალი ფორმებითა და ახალი დოქტრინით“.

„ამ დოქტრინის არსი შემდეგია: არმიის ერთადერთი მისია სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორიის დაცვაა და ჩვენი არმია არ უნდა იქნას გამოყენებული სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, გარდა სამშვიდობო მისიებისა, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე“, – თქვა ფაშინიანმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს მიდგომა 2022 წლის ოქტომბერში მიიღეს, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების ჩათვლით, რამაც გზა გაუკაფა „იმას, რასაც დღეს ნახავთ“ – ამით ფაშინიანმა შეძენილ იარაღზე მიანიშნა.
„2022 წლამდე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო ბაზრები დიდწილად დაკეტილი ან ძნელად ხელმისაწვდომი იყო სომხეთის რესპუბლიკისთვის, რადგან საერთაშორისო პარტნიორები უარს ამბობდნენ სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაზე, იმ მოტივით, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, სომხეთი მას საკუთარი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გამოიყენებდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ადგილობრივ სამხედრო მრეწველობაზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის „დგამს თავის პირველ, მაგრამ თავდაჯერებულ ნაბიჯებს საერთაშორისო ბაზარზე სტაბილური პოზიციის დასამკვიდრებლად“. მან განაცხადა, რომ 2022 წლიდან მთავრობამ თავდაცვის ინდუსტრიაში დაახლოებით 170 მილიარდი დრამი (460 მილიონი დოლარი) ჩადო, „და დღეს ჩვენ გვაქვს შედეგები, რომლებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ“.


ბოლო სრულმასშტაბიანი სამხედრო აღლუმი, სადაც სომხეთის არსენალი იყო წარმოდგენილი, 2016 წელს ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მმართველობის დროს, დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. 2018 წელს, ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩატარდა უფრო მცირე მასშტაბის აღლუმი სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, თუმცა შეიარაღება ნაჩვენები არ ყოფილა.
აღლუმი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ერთ კვირაზე მეტი ხნით ადრე გაიმართა, რასაც ზოგიერთი დამკვირვებელი ფაშინიანის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
ახალი სააკაშვილი?
აღლუმის წინა დღეს, 27 მაისს ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, რომლის ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ ამჟამად გამოკითხვებში მესამე ადგილზს იკავებს, ფაშინიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეადარა და იგი დაადანაშაულა მცდელობებში, „წააქეზოს პროცესები, გაამწვავოს სიტუაცია, ჩაებას გეოპოლიტიკურ თამაშებში“.
მან გაიხსენა საქართველოს 2007 და 2008 წლების სამხედრო აღლუმები, სადაც დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
ქოჩარიანმა განაცხადა, რომ 2007 წელს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე სააკაშვილმა შეაქო მის მიერ შექმნილი არმია და თქვა, რომ რუსული არმია „იშლებოდა“.
„მე ვუთხარი მას: „ჭკუიდან ხომ არ შეიშალე? ბოლომდე ვერ აცნობიერებ, რაში შეიძლება აღმოჩნდე“. იმ აღლუმიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ ისინი თავს დაესხნენ ცხინვალს. თუ არ ვცდები, 22 რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, სამ დღეში კი რუსული არმია თბილისთან იყო.
არმიას საჩვენებელი, პერფორმანსული ნაბიჯებით ვერ ააშენებ“, – თქვა რობერტ ქოჩარიანმა.
ხოლო პრორუსი სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ აღნიშნა, რომ აღლუმი მიზნად ისახავდა „უსაფრთხოების ილუზიის შექმნას და საზოგადოების მორიგ ჯერზე მოტყუებას“.
„ძვირფასო მოქალაქევ, უნდა იცოდე, რომ უსაფრთხოება სამხედრო აღლუმებით არ შენდება. უსაფრთხოება შენდება ძლიერი და ღირსეული ლიდერობითა და ძლიერი სახელმწიფოთი, ისეთით, რომელსაც აქვს ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი დიპლომატია, პროფესიონალური არმია და პოლიტიკური ნება“, – წერია კარაპეტიანის საარჩევნო ბლოკის განცხადებაში.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.