აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს.
გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ, ასევე მაუწყებლის ჟურნალისტებმა – თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ დღეს, 2 ივნისს ელექტრონული ფოსტით მიიღეს წერილები იმის შესახებ, რომ შრომითი ხელშეკრულებები რეორგანიზაციის ფარგლებში შეუწყდათ.
დღის ბოლოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ „მედიაჩეკერს“ დაუდასტურა, რომ არხიდან მედიაწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა და ესაუბრა ირინა ყურუას, მაია მერკვილაძეს და ლევან ურიდიას.
როგორც მაია მერკვილაძემ „პუბლიკას“ უთხრა, მაუწყებლისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში მასთან შრომითი ხელშეკრულება წყდება. წერილში აღნიშნული იყო, რომ სამართლებრივ დასაბუთებას მოგვიანებით გადაუგზავნიდნენ.
მაია მერკვილაძე ამ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და გეგმავს დირექტორთან და იურისტთან შეხვედრას, რათა გაარკვიოს გათავისუფლების რეალური მიზეზი.
მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მაუწყებელში მუშაობის განმავლობაში, სხვადასხვა ხელმძღვანელობასთან განსხვავებული აზრის გამო, სასამართლო დავებიც კი ჰქონია. თუმცა, ახალ დირექტორთან დაპირისპირება არ ჰქონია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, რეორგანიზაციის დასაწყისში რადიოს საინფორმაციო გამოშვებების შესაძლო შეჩერებას ეხებოდა. ჟურნალისტის თქმით, რამდენიმე თანამშრომლის არგუმენტირებული პროტესტის შემდეგ, დირექტორმა გადაწყვეტილება შეცვალა და საინფორმაციო ბლოკი ეთერში დატოვა.
მაია მერკვილაძე არ გამორიცხავს, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, იგი არასდროს ყოფილა „მორჩილი თანამშრომელი“, ხშირად არ ეთანხმებოდა მენეჯმენტის გარკვეულ ნაბიჯებს და შენიშვნებს მეილზეც წერდა. მიუხედავად ამისა, ზუსტი მიზეზის დასახელება თავად დირექტორისგან ოფიციალური განმარტების მიღებამდე უჭირს.
ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ მისი გათავისუფლება ეწინააღმდეგება იმ მიზნებს, რომლებიც მენეჯმენტმა თავად გამოაცხადა. დირექტორის თქმით, რეორგანიზაციის მიზანი დუბლირებული (შეთავსებული) პოზიციების ოპტიმიზაცია და გადაცემების გარე წარმოებაზე გატანა იყო. მაია მერკვილაძე მიიჩნევს, რომ მისი შემთხვევა არცერთ ამ კრიტერიუმში არ ჯდება, შესაბამისად, იგი ამ მიზნებიდან სრულად „ამოვარდნილია“ და ხელმძღვანელობამ თავად უნდა განმარტოს ეს ნაბიჯი.
ჟურნალისტი აპირებს იურისტებთან ერთად დეტალურად შეისწავლოს, რამდენად იქნა დაცული კანონიერი პროცედურები მისი გათავისუფლებისას. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელთან სასამართლო დავის წარსული გამოცდილება წაგებით დასრულდა, იგი სამართლებრივ დავას პროცესის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ნათლად გამოჩნდეს, როგორ ურთიერთობს მაუწყებელი და სასამართლო სისტემა ჟურნალისტებთან.
რეორგანიზაცია დასახელდა გათავისუფლების მიზეზად ლევან ურიდიასთვის გაგზავნილ წერილშიც, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტმა ქობულეთის ბიუროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან „პუბლიკას“ უთხრა, მენეჯმენტის გადაწყვეტილება მისთვისაც დაუსაბუთებელი და უსამართლოა. მისი თქმით, ცდილობს არხის მენეჯმენტთან კომუნიკაციას, რათა მოისმინოს არგუმენტები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
„ჯერჯერობით გარკვევის პროცესში ვარ. მენეჯმენტსაც დაველაპარაკები, რამე ალტერნატიული შემოთავაზება ექნებათ თუ არა, ან სხვა პოზიციაზე გადაყვანა და შემდეგ ვიფიქრებ სამართლებრივ მხარეზეც, თუ საჭირო გახდება“, – უთხრა „პუბლიკას“ ლევან ურიდიამ.
ირინა ყურუა ამბობს, რომ მან ელექტრონული ფოსტით მიიღო შაბლონური წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოპტიმიზაციის შედეგად მისი გადაცემა „სათქმელი“ ახალ სატელევიზიო ბადეში ვერ მოხვდა.
ირინა ყურუა ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი კითხვისა, მენეჯმენტს მისთვის არც პირადად და არც წერილობით არ განუმარტავს, რა პროფესიულ სტანდარტს არ შეესაბამებოდა გადაცემა, მხოლოდ რეორგანიზაციის მოტივით დახურვას კი ძალიან სუსტ არგუმენტად მიიჩნევს.
ჟურნალისტი იხსენებს ხელმძღვანელთან ერთადერთ გასაუბრებას, სადაც დირექტორმა რეორგანიზაციის პროცესის მიზეზად დუბლირებული და „ხელოვნურად შექმნილი“ მოკლე ქრონომეტრაჟის გადაცემების ოპტიმიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ 410 თანამშრომლიდან ბევრთან დამშვიდობება მოუწევდათ.
„დღეს ელექტრონულ ფოსტაზე მოვიდა შეტყობინება, სადაც წერია ძალიან შაბლონური ტექსტი, რომ ეს რეორგანიზაციის პროცესია და ამ პროცესის ფარგლებში ოპტიმიზაცია მოხდა და ახალ სატელევიზიო ბადეში გადაცემა „სათქმელი” ვერ მოხვდა. და რაღაცა ისეთი კეთილი სურვილით წერია, რომ ელოდებიან მას კონკურსში, რომელიც არ ვიცი, როდის გამოცხადდება. ეს იყო სულ. რის გამო, რატომ? მაგალითად იყო სტანდარტთან შეუსაბამო? კანონსაწინააღმდეგო? [არგუმენტები} არც პირადად შეხვედრისას მომისმენია, მიუხედავად ბევრი მცდელობისა და პირდაპირი კითხვებისა, მათ ვერ მითხრეს და არც ამ წერილში არ არის.“
როგორც ირინა ყურუა ამბობს, გადაცემის დახურვას გარკვეულწილად ელოდა, რადგან „სათქმელი“ მაუწყებლის ეთერში იყო იშვიათი სივრცე, სადაც მრავალფეროვანი სტუმრები (ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი) კრიტიკულ კითხვებზე განსხვავებულ პასუხებს სცემდნენ, რაც ზოგიერთებს „სიმშვიდეს უფრთხობდა.“
„გულწრფელად გითხრათ, ველოდი ამ შედეგს, ველოდი და მართალი გითხრათ, მიკვირდა რომ ამდენი ხანი ვინარჩუნებდი ამ ჩემს ერთსაათიან პირდაპირ ეთერს… უბრალოდ ერთადერთი, რაც შემიძლია თამამად ვთქვა, ეს იყო სივრცე მაუწყებელში, ტელევიზიის ეთერში, სადაც ისმოდა განსხვავებული პასუხები სტუმრებისგან, იყო სტუმრების მრავალფეროვნება, როგორც ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და იყო კრიტიკული კითხვები და შესაბამისად, იყო კრიტიკული და განსხვავებული პასუხები, რაც ძილს და სიმშვიდეს უფრთხობდა ბევრ პარტიულ, ნომენკლატურის წნეხის ქვეშ მოქცეულ ადამიანს.. ამის თქმა თამამადაც შემიძლია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რაღაცა აი ირიბად, ხან ვისი პირით, ხან ვისი პირით მითვლიდნენ, რომ – იცი რა, აი ასეთი კრიტიკული გადაცემა მაუწყებლის ეთერში არ უნდა იყოს…“,- უთხრა „პუბლიკას“ ირინა ყურუამ.
ირინა ყურუა ამბობს, რომ უსამართლო გადაწყვეტილების გამო სასამრათლოს მიმართავს.
„აუცილებლად ვიბრძოლებ. აი რა ფორმატში, რა სივრცეში, როგორ, ამ წუთას არ ვიცი, გავივლი ჩემს იურისტებთან, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ, ეს ზუსტად ვიცი… არ შეიძლება ასე დავნებდეთ, რაღაც სივრცე, სადაც მართლა განსხვავებული ფორმატია, განსხვავებული მოსაზრებებია, მრავალფეროვნებაა, ასე ჩავაბაროთ ვიღაცას იმიტომ, რომ დისკომფორტს უქმნიდა ვიღაცას და ამაზე არ ვიბრძოლოთ, დანაშაულია.
იმიტომ, რომ აჭარის მაუწყებლის მაყურებელი ამას არ იმსახურებს. აჭარის მაუწყებლის მაყურებელს ზუსტად სჭირდება კრიტიკული კითხვები, განსხვავებული მოსაზრება და ყველაფრის დანახვა და არა რაღაცა დირექტივით, მითითებით, ერთი მიმართულებით ყურება“.
როგორც „მედიაჩეკერს“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ მისწერა, მაუწყებელში რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და დაანონსებული.
„ჩვენმა გუნდმა მოსვლისთანავე დაიწყო ტელევიზიისა და რადიოს შიგნით არსებული გამოწვევების შესწავლა. პროცესი მიმდინარეობს ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით. გვაქვს კიდევ არაერთი გამოწვევა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გეგმებიც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული და არამხოლოდ მიზეზების გამო, ბევრი გადაცემის გაუქმება მოგვიწია. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“,- ამბობს ირაკლი კიკვაძე.
ირაკლი კიკვაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის პოზიციას მიმდინარე წლის 29 იანვრიდან იკავებს.