„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“ — მაღლაფერიძე აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე 

პუბლიკა

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, „აჭარის ტელევიზიაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და „რაღაც პროცესი შეიძლება გაგრძელდეს კიდეც“.

ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა – მაღლაფერიძეს აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე შეკითხვა დაუსვეს.

მისი მტკიცებით, ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით დევნა.

„ადამიანებმა ისწავლეს, რომ ეს მაშინვე პოლიტიკური დევნით უნდა ახსნან“, – თქვა მან.

აჭარის ტელევიზიიდან 2 ივნისს 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის არის 5 ჟურნალისტი: მაია მერკვილაძე – რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი; ირინა ყურუა – გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი; ასევე თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განაცხადა, რომ „გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, აჭარის ტელევიზიაში „არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც ნებისმიერ ორგანიზაციაში ლამის ყოველდღე არ ხდება“.

„იყო მთელი რიგი მიზეზები – მათ შორის ის, რომ რამდენიმე ადგილას მუშაობდნენ – რაღაცა, რაღაცა და რაღაცა… აი, ასე გათავისუფლდნენ ან შეიძლება რაღაც დარღვევა იყო და ასე შემდეგ. ყველაფერი არის კანონის ფარგლებში და კანონის დაცვით. ყველაფერი მიდის პროცედურებით, ამას უყურებს სამეურვეო საბჭო და არის სასამართლო.

ის, რომ არიან პოლიტიკური თვალსაზრისით გათავისუფლებული – მზად უნდა ვიყოთ, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანი ასე ხვდება, რომ პოლიტიკური ნიშნით არის… იყო შემთხვევა, როცა შესყიდვების სამსახურში მუშაობდა რიგითი თანამშრომელი, თავისთავად საპატიო… ყიდულობდა ერთ-ერთი ტიპის საქონელს. როცა მას უთხრეს, რომ მეორე ტიპის საქონელი უნდა ეყიდა, მან თქვა, რომ ეს იყო მისი უფლებების შელახვა და მისი პოლიტიკური დევნა. რომ არ მოგატყუოთ, პოლიტიკური დევნა არ არის – პირადად მე ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ სწორედ აქედან გავიგე“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, „არის ასეთი ტიპის პრობლემა, როცა ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტადაც რომ მუშაობენ, ეშლებათ, პირადი აზრის გამოხატვა რამდენად ჯდება პროფესიულ ეთიკაში“.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერცერთი მხრიდან რევოლუციის იდეური სპონსორი ვერ გახდება – ეს შეიძლება ვიღაცას ასე უნდოდეს, რაც მისი უფლებაა ან არ არის უფლება და კანონთან მოაგვარებს, მაგრამ ის, რომ ტელევიზიაში მუშაობს და მან ეს უნდა გამოიყენოს, გამოყენებული ვერ იქნება. მაგალითად, ერთია, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს და ამას აშუქებ და მეორეა, როდესაც შენ იმაში შედიხარ, რომ უკანონოდ არის დაპატიმრებული. შეიძლება ითქვას, რომ ერთმა მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ კანონიერად არის, მეორემ ამტკიცოს, რომ უკანონოდ არის და სასამართლო ორგანოდ უნდა იქცეს. ამ ტიპის პრობლემები არის. 

ადამიანებმა ისწავლეს, რომ მაშინვე ეს უნდა ახსნან პოლიტიკური დევნით, რომ არის წნეხის ქვეშ, თუმცა ყველაზე ჩასაფრებულები უცხოეთიდან, რომლებსაც აქედან წერილს წერილზე უგზავნიან და იქიდანაც ისმის მუქარები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდენციურობაზე ვერაფერს ამბობენ“, – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.