პარასკევიდან უნგრეთის მთავრობა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მთავრობის პრესსპიკერმა ამ ნაბიჯს უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდა.
პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია „ტისამ“ განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი მუშახელისთვის სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტდა.
Reuters-ის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მთავრობა უცხოელი მუშახელისთვის დასაქმების შესაძლებლობებს იმ მიზეზით ამკაცრებს, რომ ისინი დაბლა სწევენ ადგილობრივ ხელფასებს.
ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი, როგორიცაა მომსახურება და წარმოება, ძლიერ არის დამოკიდებული უცხოელ მუშახელზე.
Reuters-ის მიხედვით, მთავრობა შეცვლის დადგენილებას, რომელიც დასაქმების სააგენტოებს საშუალებას აძლევდა, გამარტივებული პროცედურით შემოეყვანათ მუშაკები ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.
როგორც სააგენტო წერს, უკვე ადგილზე მყოფ თანამშრომლებს კვლავ შეუძლიათ, მიმართონ ვადის გასაგრძელებლად.