4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს, 14 პირის პროცესზე გახდა ცნობილი.

საპროცესო შეთანხმების პირობა იქნება 3-წლიანი პირობითი მსჯავრი.

14-პირიან საქმეში ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, არიან:

  • ხვიჩა გოგოხია;
  • გიორგი ქორქია;
  • ლევან ჯიქია;
  • გიორგი რურუა;
  • ლაშა ივანაძე;
  • სერგო მეგრელიშვილი.

მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მას შემდეგ, რაც სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი რურუას ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ მათ თავიდანვე სურდათ საპროცესოს გაფორმება და მოხარულები არიან, რომ შეთანხმება შედგა.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენ მივმართეთ და მივაღწიეთ აღნიშნულს. ეს გახლავთ 3 წელი პირობითი სასჯელი და დარბაზიდან გათავისუფლება. საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო და სხვა მოსამართლეს დაეწერება და ეს შეთანხმება დამტკიცდება.

საპროცესო შეთანხმება აღიარების საფუძველზე ფორმდება, ვაღიარებთ იმას, რაც ჩავიდინეთ. ჩვენ თავიდანვე გვინდოდა საპროცესო შეთანხმება და დიდი ხანი ველოდებით ამ საპროცესო შეთანხმებას, როგორც იქნა მივაღწიეთ და ძალიან გვიხარია”, – განაცხადა სირანაშვილმა.

ბრალდება არ აღიარეს და ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან: ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე.

14-ვე ბრალდებულს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.


4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა.

წინა დღეებში ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება 12-პირიან ჯგუფში 7 ბრალდებულს, 15-პირიან ჯგუფში კი 8 ბრალდებულს გაუფორმდება.

8 ივნისის მდგომარეობით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 21 პირს უფორმდება საპროცესო შეთანხმება. ესენი არიან:

  1. ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  2. ბექა ქელეხსაშვილი;
  3. გიორგი მუმლაძე;
  4. მამუკა ლაბუჩიძე;
  5. გურიელ ქარდავა;
  6. ავთანდილ სურმანიძე;
  7. თემურ ქურციკიძე;
  8. ალექსანდრე გოგოლაძე;
  9. სულხან აბრალავა;
  10. ევა შაშიაშვილი;
  11. გოჩა ყატაშვილი;
  12. დავით ღურწკაია;
  13. ჯანდრი თირქია;
  14. რამაზ ჯორბენაძე;
  15. გენადი კელიხაშვილი.
  16. ხვიჩა გოგოხია;
  17. გიორგი ქორქია;
  18. ლევან ჯიქია;
  19. გიორგი რურუა;
  20. ლაშა ივანაძე;
  21. სერგო მეგრელიშვილი.