სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. 

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდნენ.

ბოჭორიშვილის თქმით, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია სამი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. 

„ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა.

ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობასა და ნდობას. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ-ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.

დღეს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას“,  – თქვა ბოჭორიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის, „განაგრძოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით და ამ მექანიზმს მიიჩნევენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად. 

მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას.

„ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივად, საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში თურქეთის ინტერესებთან, მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად.

მშვიდობის განმტკიცების კუთხით კონკრეტული შედეგებიც უკვე სახეზეა და ეს ყოველივე, თავის მხრივ, ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნეს მიღწეული“,  – განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა. [სინქრონული თარგმანი].

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის გადის.

„ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ვაჭრობის დერეფანი გადის აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს პოტენციალი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი. გავიყვანეთ ისე, რომ ჩვენ გადავიქეცით ნამდვილ გზაჯვარედინად ამ ენერგომატარებლების გატარების მხრივ. ამით ჩვენ შევძელით რეგიონული დაკავშირებადობის განხორციელება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ სამ ქვეყანაში კეთილდღეობის გაზრდა მოსახლეობის სასარგებლოდ…

ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ მუდმივად ვითანამშრომლოთ როგორც თავდაცვის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და ა.შ. რათა ჩვენი გეგმები, პროექტები ამ ინსტიტუციების ჩართულობის ფონზე განვავითაროთ.  იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაზეც მე უკვე გესაუბრეთ, ამასთან ერთად ახალ პროექტებზე დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობის გაგრძელება“, – აღნიშნა მან. [სინქრონული თარგმანი]. 

მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შემდგომ მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.