ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა.
„სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით.
რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის დასაწყისში ჩამოთვალა ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა:
„ …. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში – 45%-ით გაიზარდა.
– დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით.
– აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
– გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
…… – სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის.
– უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
– 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა.
– დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს….“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, „გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში.“