ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ არსებითი განხილვის სხდომიდან გააძევა

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სხდომიდან გააძევა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. დღევანდელ პროცესზე იკითხებიან პროკურატურის მოწმე ექსპერტები, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარეს.

ალეკო ელისაშვილი ექსპერტს შეკითხვებს უსვამდა, რა დროსაც მას მოსამართლემ მიუთითა, პირდაპირ კონკრეტულ შეკითხვაზე გადასულიყო, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ მას ლაპარაკს არ აცდიან და შეკითხვას კონტექსტი სჭირდება. გიორგი გელაშვილმა პოლიტიკოსი ამ რეპლიკის შემდეგ გააძევა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსისა“ და გამოცემა „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მოსამართლემ ელისაშვილი მანამდეც რამდენჯერმე გააფრთხილა, ერთ-ერთ გაფრთხილებას კი ელისაშვილმა უპასუხა „გამისკდა გული, ისე შემეშინდა“.

მედიების ცნობით, მოსამართლემ გაძევების მიზეზად სასამართლოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ამდენის მოთმენა შეუძლებელია.

„რაც მაგან შეურაცხყოფა მომაყენა, არცერთი ბრალდებულისგან არ მომითმენია“, – აღნიშნა მოსამართლემ, მედიის ცნობით.

არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის დაბრუნებისთვის, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ადვოკატები მოსამართლის წინაშე შუამდგომლობებს აყენებენ. თუ მოსამართლე ამ შუამდგომლობებს არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა, ელისაშვილი განაჩენის გამოტანამდე სხდომიდან გაძევებული დარჩეს.

ალეკო ელისაშვილს 2025 წლის 29 ნოემბერს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ელისაშვილი ბრალდებულია მეორე ეპიზოდზეც – მას პროკურატურა 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენას ედავება. ამ ეპიზოდზე მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.