18 ივნისის ღამეს, მოსკოვის ოთხივე აეროპორტი დრონების თავდასხმის გამო ორჯერ დაიკეტა.
დამოუკიდებელი რუსული მედია Medusa-ს ინფორმაციით, ოთხივე აეროპორტი: „ვნუკოვო“, „დომოდედოვო“, „ჟუკოვსკი“ და „შერემეტიევო“ ჩაკეტილია როგორც მისაღები, ისე გასაშვები რეისებისთვის.
„ღამით, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ მიაღწია მოსკოვის ოლქს. სამიზნე ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე რუსეთის თავდასხმებზე და ჩვენი მეომრების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი შედეგია იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას მხარს უჭერენ….
ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სიზუსტე და ეფექტურობა ყველა პარტნიორმა აღნიშნა. დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
დღეს, 18 ივნისს უკრაინამ იერიში მიიტანა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ქარხანაზე მეორე თავდასხმაა მიმდინარე კვირაში.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ერთდროულად არის ცეცხლის რამდენიმე კერა. მოსკოვის სხვადასხვა ნაწილიდან ჩანს სქელი, შავი კვამლის სვეტები.
რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ მგზავრებს მოუწოდა, მოსკოვის აეროპორტებში გამგზავრებამდე ონლაინტაბლო შეამოწმონ. ავიაკომპანიის ტელეგრამ-არხის ცნობით, რეისის გაუქმების შემთხვევაში მგზავრებს სთხოვენ, არ გამოცხადდნენ აეროპორტში – დისტანციურად მოითხოვონ თანხის დაბრუნება ან შეცვალონ გაფრენის თარიღი.
მხოლოდ „შერემეტიევოში“ გაუქმდა დაახლოებით 30 რეისი, რომლებიც 02:00-დან 10:00 საათამდე პერიოდში უნდა გაფრენილიყო. 18 ივნისის ღამეს, მოსკოვის ოთხივე აეროპორტი დრონების თავდასხმის გამო ორჯერ დაიკეტა.
08:00 საათზე „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ აეროპორტები მუშაობას აახლებდნენ, თუმცა ერთ საათში ფრენები კვლავ გაუქმდა. სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, „შერემეტიევოში“ განხორციელდა თანამშრომლებისა და მგზავრების ევაკუაცია, მათ შორის – თვითმფრინავის ბორტებიდან. მგზავრები თავშესაფრებში გადაიყვანეს, ტერმინალებში შესასვლელი კი დაიკეტა.
„როსავიაციის“ განცხადებით, მგზავრებს, რომლებიც მოსკოვიდან ვერ მიფრინავენ, ურიგდებათ ხალიჩები და ლეიბები, მუშაობს სასმელი წყლის შადრევნები, გახსნილია დედისა და ბავშვის უფასო ოთახები.
18 ივნისის ღამეს მოსკოვს თავს დაესხა თითქმის 200 დრონი. დრონების დარტყმების შედეგად ხანძარი გაუჩნდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მოსკოვის რიგ ქუჩებზე გადაიკეტა სატრანსპორტო მოძრაობა.