დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს

პუბლიკა

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს.

როგორც დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული.

კერძოდ, მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება – ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად კი:

15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით; 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს, 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას. 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია. 

„აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის (50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის) მკაცრი სანქცია ძალაში დარჩება. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ დაკვირვებას პრევენციული მექანიზმების პრაქტიკაში

განხორციელების კუთხით, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ, ეს მექანიზმები იყოს პროპორციული. შესაბამისად, გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს ის ნორმები და სანქციები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მსჯელობას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება ცვლილებების შესახებ“, – განაცხადა კირცხალიამ.