„აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე, დემოკრატიის თვალსაზრისით, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის და ეს არის რეალობა, დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას შეეხებოდა.
ევროსაბჭომ გამოაქვეყნა 2026 წლის მემორანდუმი, რომელიც ადამიანის უფლებათა კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოში 14-15 აპრილის ვიზიტის შემდეგ მომზადდა. მემორანდუმში კომისარი ხაზს უსვამს საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოუძიებლობას, რის პარალელურადაც ხელისუფლება იღებს შემზღუდველ კანონებს, რომელთა სამიზნეც არის შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლება.
„ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო…
ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში.
არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია, არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორი და ასეთია 3.5 მლნ ადამიანი, დაახლოებით, საქართველოში. საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე, დემოკრატიის თვალსაზრისით, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო“,- აცხადებს კობახიძე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ძალადობის შესახებ მრავალი შეტყობინებისა, ბრალი მხოლოდ რამდენიმე პოლიციელს წარედგინა.
ო’ფლაერტი მიუთითებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებამ და საქმეების პროკურატურისთვის გადაცემამ შესაძლოა შეასუსტოს გამოძიების დამოუკიდებლობა.
მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ არსებობს წამების, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ბრალდებები მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ.
მემორანდუმში მითითებულია, რომ არასათანადო მოპყრობის სერიოზული შემთხვევები განზრახ დაკვალიფიცირდა მსუბუქი მუხლებით, როგორიცაა „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და არა „წამება“ ან „დამამცირებელი მოპყრობა“, მიუხედავად ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა.
კომისარი მიუთითებს, რომ დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა არის 181 მოქალაქე და 48 ჟურნალისტი და ამ ფონზე დასჯილია მხოლოდ 5 პირი.
კომისარი აღნიშნავს, რომ სრულად დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის საქმეზე. დოკუმენტში წერია, რომ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შეურიეს ქიმიური ნივთიერებები (CS გაზი და პროპილენგლიკოლი), კომისარმა შეშფოთება გამოთქვა ჭავლის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის თაობაზე.
მემორანდუმის თანახმად, 2023 წლიდან და განსაკუთრებით 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაართულა საპროტესტო აქციების ორგანიზება და მათში მონაწილეობა.
კომისრისთვის შემაშფოთებელია ჯარიმებისა და დაკავებების ისეთი პრაქტიკა, რომლების გამოც შესაძლოა მოქალაქეები დაშინდნენ და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან.
კერძოდ, კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს:
- მნიშვნელოვნად გაზრდილ ჯარიმებზე – მემორანდუმში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები გაიზარდა დაახლოებით 15 ათას ლარამდე, რაც საგრძნობლად აფერხებს პროტესტში მონაწილეობას.
- ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების გაზრდასა და განმეორებითი საპროტესტო ქმედებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე – დოკუმენტი მიუთითებს, რომ პირველადი სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს შეიძლება შეეფარდოთ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მცირე დარღვევებისთვის (როგორიცაა ნიღბის ტარება ან ტროტუარის ბლოკირება), ხოლო განმეორებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები კრიმინალიზებულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე.
- სპონტანური აქციების დამატებით შეზღუდვასა და ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებაზე, შეცვალოს აქციის დრო ან ადგილი – ახალი კანონები მოითხოვს წინასწარ შეტყობინებას სპონტანური შეკრებების დროსაც კი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას, იძულებით შეცვალოს პროტესტის დრო ან ადგილი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
მემორანდუმში ხაზგასმულია შეშფოთება იმის გამო, რომ იზღუდება სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, მედია და გამოხატვის თავისუფლება.