ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს იწყებს

პუბლიკა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია მომხსენებლების: ანდრეს კნაპესა და ურს ჯანეტის შემადგენლობით 2026 წლის 23-25 ივნისს საქართველოში ჩამოვლენ, რათა ჩაატარონ მონიტორინგი და შეაფასონ, როგორ ხორციელდება ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. წინა ასეთი მონიტორინგის ანგარიში კონგრესმა 2018 წელს მიიღო.

მათ თან ახლავს პროფესორი ტანია გროპი, რომელიც არის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

ევროსაბჭოს ცნობით, მონიტორინგისას განხილვები მმართველობის სხვადასხვა დონეს შორის უფლებამოსილებების განაწილებას, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ ავტონომიას, ასევე შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას დარგობრივი კანონმდებლობის კუთხით, რათა გაძლიერდეს საკრებულოს როლი ვიცე-მერების დანიშვნის პროცესში, გაუმჯობესდეს ფინანსური გათანაბრების ფორმულა და გაგრძელდეს რეგიონული განვითარების მიმართულებით ძალისხმევა.

მომხსენებლები ასევე შეისწავლიან ადგილობრივ დემოკრატიაზე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენას – საკითხს, რომელსაც კონგრესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ შეეხო.

დელეგაცია ეწვევა თბილისს, მარნეულსა და თეთრიწყაროს და გამართავს შეხვედრებს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, პარლამენტთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

მომხსენებლები ასევე შეხვდებიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციას და კონგრესში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს.