პაპუაშვილი: „ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები“

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებს გამოეხმაურა.

„ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია ეყრდნობა საქართველოს შესახებ მომხსენებლების: ედიტა ესტრელას და საბინა კუდიჩის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშს და ასახავს ასამბლეის მზარდ შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის გამო.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ხელისუფლებას არ შეუსრულებია არც ერთი იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც ორგანიზაციამ ბოლო თვეებში გასცა. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მზადყოფნას, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები.

„რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის; რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები. ეს წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უარყოფას.

დემოკრატია ეფუძნება ხალხის სუვერენულ ნებას, ხოლო ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ასეთ მიდგომაში იკვეთება არა თანასწორ პარტნიორთა კავშირის, არამედ ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც სუვერენიტეტი ხალხის ბუნებრივი უფლება კი არ არის, არამედ ზემოდან მინიჭებული პრივილეგია.

ამგვარად, პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე“,- აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელშიც ნახსენებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია.

რეზოლუციაში ნახსენებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მითითებულია, რომ ის კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების გამო მთელ საქართველოში, რაც მიზნად ისახავს პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მედეგობის შერყევას.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში ზოგიერთი სასულიერო პირი წინ აღუდგა მსგავს ინსტრუმენტალიზაციას და ღიად დაუპირისპირდა როგორც რუსულ გავლენას, ისე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკას. დოკუმენტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეპარქიები და თემები ევროკავშირშიც არიან წარმოდგენილნი, რაც მიუთითებს ტრანსნაციონალური დეზინფორმაციული მცდელობების მიმართ სიფხიზლისა და მედეგობის აუცილებლობაზე.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება. ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი, აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც, პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის“,- თქვა პაპაუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად.“