კობახიძე რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ამერიკელ ეკონომისტ ჯეფრი საქსს შეხვდა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ამერიკელ ეკონომისტს, ჯეფრი საქსს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქსთან საუბარი შეეხო „ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.“

მათივე ცნობით, „აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.“

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც ესწრებოდნენ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი ჯეფრი საქსი ბოლო წლებში ხშირად ხდება მწვავე კრიტიკის ობიექტი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო.

საქსი ხშირად აკრიტიკებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და NATO-ს გაფართოებას. ის ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდწილად NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების მცდელობით იყო პროვოცირებული. მას ასევე აკრიტიკებენ ჩინეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალური და რბილი პოზიციის გამო.

ჯეფრი საქსი ხელმძღვანელობდა ჟურნალ The Lancet-ის კომისიას პანდემიის საკითხებში და საჯაროდ დაუშვა თეორია, რომ ვირუსი შესაძლოა, ამერიკული ბიოლაბორატორიიდან ყოფილიყო გაჟონილი, რამაც სამეცნიერო წრეების პროტესტი გამოიწვია.

ჯეფრი საქსი კრემლის მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემებისა და რუსეთის „პირველი არხის“ ხშირი სტუმარია. ის ასევე გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ეთერშიც.

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, საქსის რიტორიკა პირდაპირ იმეორებს მოსკოვის გზავნილებს: უკრაინაში მიმდინარე აგრესიას ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს და ღიად იცავს ვლადიმირ პუტინს, მისთვის „მკვლელის“ დაძახებას კი სახიფათო უპასუხისმგებლობად მიიჩნევს.

ამავე სტატიის მიხედვით, საქსი სრულად უგულებელყოფს საქართველოსა და უკრაინის სუვერენულ არჩევანს. მის ნარატივში ორივე ქვეყანაში რუსეთის შეჭრა არა მოსკოვის, არამედ აშშ-ისა და NATO-ს გაფართოების ბრალია. შესაბამისად, მისი შემოთავაზებული „მშვიდობის გეგმაც“ სრულ თანხვედრაშია კრემლის მოთხოვნებთან.

„მშვიდობის საფუძველი ნათელია. უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური, არა NATO-ს წევრი ქვეყანა. ყირიმი დარჩეს რუსეთის ნაწილად და შავი ზღვის ფლოტის ბაზად, რომელიც ის 1783 წლიდან იყო. პრაქტიკული გადაწყვეტა მოიძებნება დონბასისთვის, როგორიცაა ტერიტორიული დაყოფა, ავტონომია ან ზავის ხაზი“ – წერს საქსი.

გარდა ამისა, როგორც „მითების დეტექტორის“ მასალაში ვკითხულობთ, საქსი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დასავლეთმა ჩაშალა. თუმცა, The New York Times-ის გამოძიებით დასტურდება, რომ მოლაპარაკებები არა დასავლეთის ჩარევით, არამედ რუსეთის მხრიდან წამოყენებული მიუღებელი პირობების გამო ჩაიშალა, რაც უკრაინას უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ უტოვებდა.

საბოლოო ჯამში, როგორც ქართველი მკვლევრები აღნიშნავენ, ჯეფრი საქსი იმ ექსპერტთა ქსელის ნაწილია, რომელთა მთავარი ფუნქციაც რუსული პროპაგანდისთვის დასავლური, ვითომდა ობიექტური საბურველის შექმნაა.