„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგი გამართა.
მისი შეფასებით, 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში ადგილი ჰქონდა „ოცნების“ დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს.
ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა გამოძიების დაწყება და მომხდარ დანაშაულზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა.
„მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა, მათ შევახსენოთ, „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში, ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მასმედიაში გამოქვეყნებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია, თუმცა ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს.
„როდესაც ახალგაზრდები, ციხეში წლობით სხედან მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა, 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის, ამ პირობებში ეს ჩვენთვის არამხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, „ოცნების“ ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის, ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ“, – განაცხადა სიჭინავამ.
26 ივნისს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა. გაიხსენა ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე კუთხეში იდგა, რაც, მისი თქმით, მის რეალურ როლზე მიუთითებდა. დაახლოებით ამ დროს ვიდეოში ისმის „ქართული ოცნების“ დეპუტატების ხმამაღალი შეძახილები, დარბაზში ჩხუბი იწყება და პარლამენტის პირდაპირი ეთერი წყდება.