ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი, გიორგი ბახუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ბრძანებას, რომელიც 6 ივლისით თარიღდება, ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 10 ივნისს დაინიშნა. ის იქამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
წლების განმავლობაში გიორგი ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი იყო. მის შესახებ გადაცემა ვრცლად „შაბათის ეთერმა“ მოამზადა.
გიორგი ბახუაშვილის განათლება და კვალიფიკაცია:
2013 წელი – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ფაკულტეტი – მცირე ბიზნესის მწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია;
2024 წელი – სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტი, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
2026 წლიდან – დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორი;
2026 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე;
2023-2026 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
2023 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების უფროსი;
2021-2023 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი;
2021 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს III განყოფილების უფროსი ინსპექტორი;
2017-2021 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს განყოფილების ინსპექტორი;
2007-2017 წლებში – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი (უფროსი ოფიცერი).